დინამო ბათუმი, სამგურალი, ლუკა წულუკიძე, სპაერი, თორნიკე კირკიტაძე, რუსთავი
Aa
Aa

დინამო ბათუმის დამაჯერებელი მოგება - რუსთავმა წყალტუბოში ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური დღეს ორი შეხვედრით გაიხსნა და წყალტუბოსა და ბათუმში გამართულ მატჩებში საერთო ჯამში ხუთი გოლი გავიდა. „დინამო ბათუმმა“ როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარ სტადიონზე „სპაერს“ შანსი არ დაუტოვა და 3:0 გაიმარჯვა, ხოლო „26 მაისის“ სტადიონზე სატურნირო ცხრილის ლიდერმა „რუსთავმა“ ადგილობრივ „სამგურალთან“ ქულები დაკარგა, 1:1 ითამაშა და მდევრებს მიახლოების შანსი მისცა.

გია ცეცაძის მიერ მომზადებული რუსთაველები წყალტუბოელებთან 68-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ერთ-ერთი კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობის დროს სიტუაციაში ყველაზე კარგად ვაჟა ფაცაცია გაერკვა და ანგარიში გახსნა. თუმცა, ზუსტად 14 წუთში ნიკოლოზ ცეცხლაძემ წონასწორობა აღადგინა, რომელსაც ასისტენტობა გიგი გოგიამ გაუწია. არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ლუკა პარკაძესთან უხეშობისთვის „სამგურალის“ ლეგიონერმა ლუქმან გილმორმა მეორე ყვითელი და ავტომატურად წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

„დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში „სპაერთან“ მოგებულ შეხვედრაში განსაკუთრებულად ორი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლებოდა. პირველი რა თქმა უნდა ლუკა წულუკიძე გახლდათ, რომელმაც ჯერ თავისივე მოპოვებული 11-მეტრიანი გაიტანა, ხოლო შემდეგ სულაც დუბლი შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თორნიკე კირკიტაძე, რომლის ანგარიშზეც ორი ასისტია - სწრაფმა გარემარბმა ჯერ წულუკიძეს, ხოლო შემდეგ ისრაელელ ავოკ ეშეტიეს გაატანინა.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური ხვალ სამი მატჩით დასრულდება - „ტორპედო“ ქუთაისში ტყიბულის „მეშახტეს“ მიიღებს, „გაგრა“ „იბერია 1999“-ს უმასპინძლებს, ხოლო „დილა“ სტუმრად „დინამო თბილისს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს