„დავბრუნდები!“ - უმარის პირველი კომენტარი სონგ იადონგთან მარცხის შემდეგ
უმარ ნურმაგომედოვმა შანხაიში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე, ჩინელ სონგ იადონგთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.
„ყველაფერი რიგზე მაქვს. ალჰამდულილაჰ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მწერს. შეცდომებზე ვიმუშავებ. დავბრუნდები!“ - დაწერა ნურმაგომედოვმა.
სუპერმსუბუქ წონაში გამართული ორთაბრძოლა UFC Fight Night 286-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იყო. სონგ იადონგმა რუსი მებრძოლი მეორე რაუნდში მარჯვენა აპერკოტით დაანოკაუტა. ნურმაგომედოვი პროფესიონალურ კარიერაში პირველად დამარცხდა ნოკაუტით.
ახლა 30 წლის რუსი სპორტსმენის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 20 გამარჯვება და 2 მარცხია. კარიერაში პირველი მარცხი მან 2025 წლის იანვარში, მერაბ დვალიშვილთან გამართულ UFC-ის სატიტულო ბრძოლაში განიცადა, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შანხაის ტურნირამდე ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, სონგ იადონგი კი მეექვსე პოზიციაზე იმყოფებოდა.