ნიკო უილიამსთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რას წერს Mundo Deportivo
„ბარსელონასა“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ გარემარბი, ნიკო უილიამსის აგენტს შორის მოლაპარეკებები ბოლო დღეების განმავლობაში ჩიხში შევიდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის შეშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.
გასულ კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა კონტრაქტის ხანგრძლივობისა და ხელფასის ოდენობის შესახებ ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა როცა ამ გარიგების ოფიციალურად გაფორმების პროცესი დაიწყო, მოლაპარაკებები შეფერხდა.
როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ნიკო თავისი აგენტის მეშვეობით, „ბლაუგრანას“ მაღალ მოთხოვმებს უყენებს რეგისტრაციის გარანტიებთან დაკავშირებით. კერძოდ, უილიამსს აქვს კონკრეტული პირობები, რასაც კატალონიური კლუბი ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნევს.
გავრცელებული ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს არ სურს,რომ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს და უნდა, რომ ეს კონტრაქტშიც აისახოს.
თავის მხრივ, „ბარსა“ ცდილობს ნიკო დაარწმუნოს, რომ მას პრობლემა არ შეექმნება, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, უილიამსმა ყველა ტურნირზე ერთად, 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.
ნიკო „ატლეტიკ ბილბაოში“ 2021 წლიდან თამაშობს და მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.