“მოხსნაზე უნდა ითამაშოს და სიღრმიდან ისროლოს“ - ევროლიგა შენგელიაზე
ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება. იტალიურ კლუბს შესანიშნავი სერია აქვს და ზედიზედ 5 გამარჯვებით იწონებს თავს.
ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა აღნიშნული დაპირისპირება გამოარჩია და ქართველ კალათბურთელზე დაწერა.
„წინ დიდი შერკინებაა. სეზონის საკმაოდ სასიამოვნო ისტორია, რომლის ავტორი „ვირტუს ბოლონიაა“. იტალიელები მადრიდის „რეალს“ სტუმრად შეხვდებიან. „ვირტუსმა“ „რეალი“ ბოლოს სტუმრად 2002 წელს დაამარცხა.
გასული თვის MVP-ის ტიტულის მფლობელ თორნიკე შენგელიას მძიმე მატჩი ელის. ქართველს მხარს ვეტერანი კარგი მსროლელი მარკო ბელინელი აუბამს. მეტწილად, იტალიელთა წარმატება ამ ორ კალათბურთელზე იქნება დამოკიდებული. „რეალის“ მთავარი უპირატესობა ვალტერ ტავარესია. შენგელიას თავისი სიმაღლიდან გამომდინარე, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მოხსნებზე თამაშიც მოუწევს და სიღრმიდან სროლაც.“
აღსანიშნავია, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, „ვირტუს ბოლონიას“ მხრიდან, სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გამოვიდა.
რა თქვა შენგელიამ?
„მადრიდის „რეალს“ სოლიდური შემადგენლობა ჰყავს. იქ ნამდვილი ჩემპიონები თამაშობენ. მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, მატჩის ბედი შესაძლოა სრულიად სხვა კალათბურთელმა გადაწყვიტოს. ტავარესის წვლილი დაცვით ფაზაში ფასდაუდებელია. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ შანსი გვაქვს, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „ვირტუს ბოლონიას“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.