48 წამით ადრე, 7 ქულით აგებდნენ | ინდიანამ კლივლენდს საოცარი თამაში მოუგო
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „კლივლენდ კავალიერსი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პლეიოფის მეორე რაუნდში, „კავსის“ მეტოქე „ინდიანა პეისერსი“ გახლავთ და „კლივლენდმა“ ორივე საშინაო შეხვედრა წააგო.
სერიის მეორე მატჩს თამამად შეგვიძლია მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვუწოდოთ. საფინალო სირენამდე 48 წამით ადრე, „კავალიერსი“ 119:112-ს იგებდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ეს უპირატესობა ხელიდან გაუშვა.
აარონ ნესმიტის ჩატენვის შემდეგ, დონოვან მიტჩელი შეტევაში დაჯარიმდა და ბურთი დაკარგა, რასაც პასკალ სიაკამის ორქულიანი მოჰყვა - 116:119. მომდევნო შეტევაში, „კლივლენდმა“ ბურთი კიდევ ერთხელ დაკარგა, რის შემდეგაც ტაირიზ ჰალიბერტონზე დაჯარიმდა. ჰალიბერტონმა პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი გააცუდა, თუმცა, თავადვე მოხსნა და 1.1 წამით ადრე, სამქულიანით საკუთარ გუნდს 120:119 მოაგებინა.
„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო ნესმიტი და მაილს ტერნერი იყვნენ - 23-23 ქულა. ჰალიბერტონმა 19 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ბენედიქტ მატურინს 19 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა. „კლივლენდმა“ საკადრო პრობლემებით იასპარეზა და გუნდს ევან მობლი და დარიუს გარლანდი ვერ დაეხმარნენ. მათ არყოფნაში, ბრწყინვალე იყო მიტჩელი - 48 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი. მაქს შტრუსმა 23 ქულა მიითვალა, ჯარეტ ალენმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 22 ქულა, 12 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ „პეისერსი“ სერიას 2:0-ს იგებს და მომდევნო ორ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. მესამე თამაში 10 მაისს, თბილისის დროით, 03:30-დან დაიწყება.