„აქ ყოფნა დავიმსახურეთ, მიზანი კი უფრო შორს მიდის“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმიმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და ქართველი შემტევის მისამართით აღფრთოვანება ვერ დამალა.
ლუის ენრიკე:
ხვალინდელ თამაშში რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს არ მივმართავ. ეს შეხვედრა ისედაც განსაკუთრებულია და ფეხბურთელებს ამის კარგად ესმით. ამ თამაშს ისევე მივუდგებით, როგორც სხვა ყველა გასულ შეხვედრას. სწორედ ეს ფიქრებია გუნდში. აქ ყოფნა დავიმსახურეთ, ეს შედეგი იმ შრომის დამსახურებაა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გავწიეთ. ახლა კი ისღა დაგვრჩენია საპასუხო შეხვედრა მინიმუმ ისე ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში ვიასპარეზეთ, მიზანი კი რა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება.
მე და მიკელ არტეტა როდესაც საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით, „ბარსელონაში“ ერთად ვთამაშობდით. იმ პერიოდთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. იმის შემდეგ ის ძლიერ პიროვნებად და სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, ახლა კი დიდებული მწვრთნელია. ყველამ ვნახეთ რაც გააკეთა არსენალში. მისი წყალობით გუნდი საგრძნობლად განვითარდა, ეს კი ბევრ კომპონენტში მოხდა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ხვალინდელი თამაშის გარდა. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, როგორც პირველ შეხვედრაში, მაგრამ საპასუხო მატჩი ყოველთვის უფრო რთულია.
ამ შედეგს ერთიანობით მივაღწიეთ. ვერ ვიტყოდი, რომ ერთი დეპარტამენტი მეორეზე უკეთესად მუშაობდა, ან პირიქით. ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით. ამ გუნდის შესახებ ბევრი კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა ერთ გამორჩეულ რამეს ვიტყვი. შესაძლოა, რომელიმე პოზიციაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდეს, მაგრამ მისი შემცვლელი ყოველთვის ღირსეულად ახერხებს ამ დანაკლისის შევსებას, ეს ყველა თამაშში ასეა. ჩვენ ვაპირებთ, რომ უბრალოდ ის გავიმეოროთ, რასაც ყველა თამაშის დროს ვაკეთებთ, იმის მიუხედავად ვთამაშობთ თუ არა საკუთარ მოედანზე, თუ გასვლით შეხვედრაში. ეს ყველაფერი მარტივი არ არის და ზოგჯერ, მიზანს ვერ ვაღწევთ, მაგრამ ფეხბურთელები ყოველთვის ავლენენ ხასიათს, თავდადებას და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. თუ ხვალინდელ თამაშში საგოლე შანსები ნაკლებად გვექნება, ვეცდებით სწორედ ის შანსები გამოვიყენოთ, რომელიც მოგვეცემა. მაგრამ არ გვინდა, რომ თამაშის შედეგი მხოლოდ შანსებზე იყოს დამოკიდებული, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბრესტთან და ლივერპულთან. არსენალს მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვს და სცენარის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. და თუ გოლს გაგვიტანენ, არ გვინდა, რომ ამან თამაშის სცენარი შეცვალოს. ვეცდებით, ჩვენც გავიტანოთ, შევუტიოთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ, ამისთვის კი აგრესიული თამაში და შესაბამისი ხასიათია საჭირო.
უსმან დემბელემ ბოლო ორ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და ამას თქვენც ნახავდით, რადგან ჩვენი ვარჯიშები საზოგადოებისთვის ღიაა. შესაბამისად, ხვალისთვის მზად იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმების სურვილი ერთი, ან შეიძლება ორი სეზონის წინ გაჩნდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოვახერხეთ. მის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცოდით. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, ისეთი, რომლის პოვნაც თავდამსხმელში საკმაოდ რთულია. რთულია, როდესაც ფეხბურთელი ქვეყნებს იცვლი, მისთვის ადაპტაცია რთული იყო, მაგრამ ის ამ პროცესის დროს საკმაოდ გახსნილი და გონიერი აღმოჩნდა. ახლა კი ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა თამაშში სხვებთან შედარებით მეტს, ან ცოტას თამაშობს. ის თავის ხარისხს აჩვენებს. რა თქმა უნდა, მისი პერფორმანსით ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ, სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ განსხვავებულ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან გუნდში კონკურენტუნარიანი გარემოა. მომწონს, როგორც თამაშობს ბურთთან პირველი მიღების დროს. ის გუნდში საკმაოდ სწრაფად ადაპტირდა. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ის ახლა ჩვენთანაა.
აშრაფ ჰაკიმი:
ვფიქრობ, გუნდი სრულად არის კონცენტრირებული ამ თამაშზე. ჩვენ წინ ვიყურებით და ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. მოუთმენლად ველით შეხვედრის დაწყებას. რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაში კლუბის ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება. გუნდი ახლა მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებს და მნიშვნელოვანია ეს ხარისხი შედეგებზეც აისახოს.
ტურნირის მოგება გვინდა და ამისთვის როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად უნაკლოდ თამაშია საჭირო. ამის გაკეთება ყველას გვინდა, ვიაზრებთ, რომ ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვრჩება და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. გასულ სეზონში ნახევარფინალში ვითამაშეთ და ამან გარკვეული გამოცდილება მოგვცა, ვიცით, რა გავაკეთეთ კარგად და რა კომპონენტში დავაკელით ხარისხი. უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ყველაფერი გამოგვივა. გასულ შეხვედრებშიც დავამტკიცეთ, რომ ასეთი თამაშებში წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ლონდონში გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.