ვირტუს ბოლონიას ისტორია დაწერა | შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა
„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის თვის MVP გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფენომენალური თამაში აჩვენა და „ვირტუს ბოლონიას“ პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ევროლიგის თვის MVP-ის სტატუსი დაისაკუთრა.
MVP of October: Tornike Shengelia, Virtus Segafredo Bologna https://t.co/KJ8R0H0zSU
— Sportando (@Sportando) November 1, 2023
„ევროლიგის სეზონის გახსნით შეხვედრაში განცდილი კრახის შემდეგ, რასაც აკილე პოლონარასთვის სიმსივნის დიაგნოზის დასმა უძღოდა, იყო შანსი, ვირტუს ბოლონიაში ნეგატიურ ატმოსფეროს დაესადგურებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. გუნდი ოქტომბრის თვის MVP-ის, თორნიკე შენგელიას პოზიტიურობისა და რკინის ნებისყოფის გარშემო გაერთიანდა და ყველასთვის მოულოდნელად, სეზონის სტარტზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა.
ვირტუს ბოლონიამ ოქტომბერი 4 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. შენგელია, მთელი ამ დროის განმავლობაში, შეუდარებელი იყო და ოქტომბერში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო 23.6 გახლდათ. ეს ევროლიგაში მეორე მაჩვენებელია, საშუალოდ მატჩში ჩაგდებული 18.4 ქულით კი მესამე გახლდათ. თოკომ მეტოქის ფარისკენ ნასროლი ორქულიანების 75 პროცენტი, სამქულიანების 52.9 პროცენტი, ხოლო საჯარიმოების 85 პროცენტი ჩააგდო.
შენგელიას ძალისხმევის წყალობით, ვირტუს ბოლონიას გულშემატკივრები თავიანთ გუნდს სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის ხედავენ და აქვთ შესაძლებლობა, რომ ვირტუს ბოლონიას პირველ კალათბურთელს, რომელიც ევროლიგის თვის MVP გახდა, საკუთარ კედლებში გასამართ მომდევნო შეხვედრაში უმღერონ“, - წერს ევროლიგის ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას „ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პარასკევს, თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება.