პლეიოფის ანტირეკორდი | ბოსტონი 20 ქულით იგებდა, მაგრამ ოვერტაიმში წააგო
NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „ბოსტონ სელტიქსმა“ პლეიოფის მეორე რაუნდი ცუდად დაიწყო. ჯეისონ ტეიტუმისა და ჯეილენ ბრაუნის გუნდის მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსი“ გახლავთ და „ბოსტონმა“ საშინაო კედლების უპირატესობა სერიის პირველივე შეხვედრაში დაკარგა.
მატჩი „სელტიქსისთვის“ კარგად დაიწყო და დიდ შესვენებაზე „ბოსტონს“ 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, მოქმედი ჩემპიონი საერთოდ 20 ქულით იგებდა, მაგრამ „ნიქსი“ თამაშში დაბრუნდა. „ნიუ იორკმა“ ანგარიში გაათანაბრა და ბოლო წამებზე მოგებაც შეეძლო, მაგრამ საქმე ოვერტაიმამდე მივიდა და საბოლოოდ, სტუმრებმა 108:105 იმარჯვეს.
„ბოსტონმა“ NBA-ის პლეიოფის ანტირეკორდი დაამყარა და 45 სამქულიანი გააფუჭა. „სელტიქსმა“ პერიმეტრიდან ბურთი 60-ჯერ ისროლა და მხოლოდ 15-ჯერ ჩააგდო. „ბოსტონმა“ უფრო მეტი სამქულიანი ააცილა, ვიდრე „ნიქსმა“ ისროლა - 45-37-ზე.
„ბოსტონის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 23-23 ქულა ბრაუნმა და ტეიტუმმა დააგროვეს, მაგრამ საერთო ჯამში, 43-დან მხოლოდ 14 ბურთი ჩააგდეს. დერიკ უაითს 19 ქულა ჰქონდა, ჯრუ ჰოლიდეის - 14. „ნიქსის“ რიგებში 29-29 ქულით ოჯი ანუნობი და ჯეილენ ბრანსონი გამოირჩნენ. კარლ-ენტონი თაუნსმა 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ცნობისთვის, „ბოსტონისა“ და „ნიქსის“ მეორე შეხვედრა ისევ „თიდი გარდენში“ გაიმართება. მატჩი 8 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 03:00-დან დაიწყება.