პორტუგალია საქართველოზე წინ | მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა. ცვლილებები შეეხო საქართველოს ეროვნულ გუნდს, რომელმაც ტურნირი მოგების გარეშე დაასრულა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
„ბორჯღალოსნებს“ 72.68 ქულა აქვთ და მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. საქართველო ერთი საფეხურით დაქვეითდა და პორტუგალიამ გადაუსწრო, რომელმაც ბოლო ტურში, ფიჯისთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და 72.78 ქულით მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
ცვლილებები არ შეხებია ტოპ 7-ს. პირველი კვლავინდებურად ირლანდიაა. მეორე - საფრანგეთი, მესამე - სამხრეთ აფრიკა, მეოთხე - ახალი ზელანდია, მეხუთე - შოტლანდია, მეექვსე - ინგლისი, მეშვიდე - უელსი. მერვე ადგილზე არგენტინას ვხედავთ, ავსტრალია მეცხრეა, ფიჯი კი მეათე.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში უელსი არგენტინას დაუპირისპირდება, ირლანდია ახალ ზელანდიას შეხვდება, ინგლისი საუკეთესოს ვინაობას ფიჯისთან გაარკვევს, ხოლო საფრანგეთი მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრება.