„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ...“ - შმეიხელმა მამარდაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა BBC Sport-თან ინტერვიუს დროს „ლივერპულის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.
ვეტერანი მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ლივერპულს“ მისი დამატებით შეცდომა არ დაუშვია, რადგან ქართველი მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და სამომავლოდ, ალისონის წასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.
რას ამბობს შმეიხელი:
„არსენალთან მატჩში გამოჩნდა, რომ არნე სლოტი ყველა თამაშის მოგებას ცდილობს. ზოგადად, პრემიერ ლიგას გუნდები ასე იგებენ, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო და ამასთან, ყველაფერი ხარისხითაც უნდა დაასაბუთო.“
„როდესაც „ლივერპულის“ თამაშებს ვუყურებ, ხარისხი ყველა პოზიციაზე იგრძნობა. მათ შორის, სათადარიგოთა სკამზეც. გიორგი მამარდაშვილი დღეისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ამ ფორმაციაში, გუნდის სათადარიგო ფეხბურთელია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გუნდში კონკურენციაა და წარმატებაც ამ კონკურენციის ხარჯზე მიიღწევა.“
პრემიერ ლიგის 3 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს ჯერჯერობით, პრემიერ ლიგაში არ უთამაშია. არნე სლოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 14 სექტემბერს, სტუმრად „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართავს.