„გოლის ალღო, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი“ | რას წერენ ესპანურ პრესაში მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ გადავიდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ქართველი თავდამსხმელი ოფიციალურად წარადგინა და ესპანურმა გამოცემებმა მისი ტრანსფერი ყურადღების გარეშე არ დატოვეს.
AS: „ვილიარეალში“ ამბობდნენ, რომ რენატო ვეიგაში გადახდილი 24.5 მილიონის შემდეგ შეტევის გასაძლიერებლად დიდ თანხას აღარ დახარჯავდნენ, თუმცა იერემი პინოს „კრისტალ პალასში“ გადასვლამ ყველაფერი შეცვალა. პინოს წასვლის შემდეგ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ფერნანდო როიგ ნოგუეროლესის პოზიცია მკაფიო იყო – მისი არჩევანი გიორგი მიქაუტაძე გახლდათ. თავდაპირველად „ვილიარეალი“ თავდამსხმელის იჯარის წესით დამატებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა. და მართლაც, კლუბმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი გააკეთა და „ლიონს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა. მიქაუტაძის შეძენა მიუთითებს, რომ გუნდმა ხარისხიანი ნაბიჯი გადადგა წინ და ჩემპიონთა ლიგისთვის შემადგენლობა გააძლიერა.“
DAZN: „გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მისი მიზანია, „ყვითლების“ ლიდერი გახდეს და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება კვლავ მოუპოვოს. ქართველის დამატება ამყარებს „ვილიარეალის“ ამბიციებს და კლუბს აქცევს კანდიდატად, რომ 2025/26 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდეს.“
Mundo Deportivo: „ოფიციალურად! გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერის თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. ლიონში დაბადებულ ქართველ შემტევს შეუძლია, როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ისე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში. მას გამორჩეული გოლის ალღო, მოედნის ხედვა და ბურთის შესანიშნავი კონტროლი აქვს. მიქაუტაძე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ევრო 2024-ზე.“
Marca: „ვილიარეალს“ ტიერნო ბარის შემცვლელის პოვნა და შეტევის გაძლიერება უჭირდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, მთლიანი ფსონი ქართველ თავდამსხმელზე დაედო. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში 24 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფიგურად იქცა. მისთვის ინგლისური კლუბებიც იბრძოდნენ და გარიგების დახურვა „ვილიარეალისთვის“ იოლი არ ყოფილა. საბოლოოდ, კლუბის პრეზიდენტი ფერნანდო როიგი და აღმასრულებელი დირექტორი ფერნანდო როიგ ნოგუეროლესი ლიონში ჩავიდნენ, რათა სარეკორდო ტრანსფერი ოფიციალურად გაეფორმებინათ.“
Cadena Ser: „გიორგი მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ითვლება. მას გამორჩეული გოლის ალღო და ტექნიკური უნარები აქვს. ასევე, შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობა შეუძლია. მიქაუტაძეს ეძლევა შანსი, საკუთარი პოტენციალი წარმოაჩინოს გუნდში, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს. საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „ვილიარეალს“ სურს, წინ დიდი ნაბიჯი გადადგას.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე იმყოფება და „ვილიარეალს“ თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩების შემდეგ შეუერთდება. საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს დაუპირისპირდება, ბულგარეთს კი – 7-ში.