ლუკა გაგნიძე ესპანეთში ითამაშებს | ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, „დინამო მოსკოვმა“ და „გრანადამ“ შეთანხმებას მიაღწიეს. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა და მხარეებმა გარიგება ოფიციალურად დაადასტურეს.
„გრანადამ და დინამო მოსკოვმა ლუკა გაგნიძის იჯარის თაობაზე, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბი გაგნიძეს მიესალმება და თეთრ-წითლების მაისურით წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია „გრანადას“ განცხადებაში.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის „გრანადა“ კარგად ნაცნობი გუნდია. გასულ სეზონში მისი მაისურით გიორგი წიტაიშვილი ასპარეზობდა და 36 შეხვედრაში 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გაგნიძე მეორე ქართველია, ვინც „როხიბლანკოსის“ რიგებში ითამაშებს.
„გრანადა“ ესპანეთის მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში გამოდის და მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. „როხიბლანკოსმა“ სამიდან სამი შეხვედრა წააგო და მომდევნო მატჩი 6 სექტემბერს, „მალაგას“ წინააღმდეგ ელის.