მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ჩიტოს და ომალის ჩხუბისას ჩამეძინება“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემაში, The MMA Hour-ში სტუმრად იმყოფებოდა. „მანქანამ“ ბევრ თემაზე და სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.

„მარჯვენა ხელში, რომელზეც ოპერაცია გავიკეთე, ტკივილს ისევ ვგრძნობ, მაგრამ ეს პრობლემა არაა და ჩხუბისთვის მზად ვარ. ექიმებმა დარტყმების განხორციელების უფლება მომცეს, მაგრამ როცა ვარჯიში დავიწყე, ტკივილი ვიგრძენი. მითხრეს, რომ ეს ნორმალურია და ტკივილი რამდენიმე თვის განმავლობაში დამრჩება. მაწუხებს, მაგრამ მებრძოლები ვართ და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

შონ ომალისა და მარლონ „ჩიტო“ ვერას შესაძლო ჩხუბი სრული სისულელეა. „ჩიტომ“ ახლახან დაამარცხა მებრძოლი, რომელსაც ბოლო 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული. ვერა რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს და წააგო ჟოზე ალდოსთან, რომელსაც მსაჯების გადაწყვეტილებით მოვუგე. „ჩიტო“ საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს. ისლამ მახაჩევს კარიერაში ერთი მარცხი აქვს და ადრიანო მარტინსთან წააგო. ახლა, როცა ჩემპიონია, მარტინსის გამოწვევას ხომ არანაირი აზრი არ ექნება?! მსოფლიოში ნომერ პირველი ხარ და მე-6 ადგილზე მყოფ მებრძოლს იწვევ? მითუმეტეს, როცა ჩემნაირი პრეტენდენტი გყავს, რომელსაც ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული?! 2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე და მოვუგე პიოტრ იანს, რომელსაც ჩემი აზრით, ომალისთან უნდა გაემარჯვა. თუ შონს პატივისცემის მიღება და ნამდვილ პრეტენდენტთან დაპირისპირება სურს, მე უნდა მეჩხუბოს. არ ვამბობ, რომ მარტივად მოვიგებ, რადგან მასთან ბრძოლა ჩემთვის გამოწვევა იქნება.

ყოველთვის მინდა, ვეჩხუბო მებრძოლებს, რომლებიც ჩემთვის გამოწვევას წარმოადგენენ. თუ ალჯოსთან რემატჩი არ გაიმართება, მომდევნო მე ვარ. მზად ვარ და ვერ ვხვდები, ეს დაპირისპირება რატომ ვერ უნდა მივიღო. რა მოხდება თუ ქამრისთვის ვერ ვიჩხუბებ და სხვას აირჩევენ? გულგატეხილი ვიქნები. მეტოქეს არასდროს ვირჩევ და UFC-ისგან მიღებულ შემოთავაზებებს ყოველთვის ვთანხმდები. გულგატეხილი ვიქნები, მაგრამ ცხოვრება გაგრძელდება.

ომალიმ თქვა, რომ სტერლინგთან მოგებული ბრძოლისას მეც დამამარცხა, რაც სრული სისულელეა. მე და ალჯამეინი მეგობრები ვართ და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ჰგონია, რომ მეც მომიგო. UFC-ის ჩემთვის ან ალჯოსთვის ერთმანეთთან ჩხუბი არასდროს შემოუთავაზებია და არ მესმის, რატომ წუწუნებენ. დიახ, მასთან ბრძოლა არ მინდა და არც ვიჩხუბებ, მაგრამ არც წინადადება გამოუგზავნიათ და არც კონტრაქტი მიგვიღია. სხვანაირად რომ ყოფილიყო, დიდი ფული შემოეთავაზებინათ და სხვა ვარიანტი არ გამოჩენილიყო, შეიძლებოდა, მე და ალჯოს გველაპარაკა და ერთმანეთთან გვეჩხუბა კიდეც, მაგრამ არანაირი წინადადება არ ყოფილა. ჩემთვის ალჯოსთან ჩხუბი არასდროს შემოუთავაზებიათ და არც პირიქით მომხდარა.

რატომ არ უნდა ომალის ჩემთან დაპირისპირება? ალბათ, ფიქრობს, რომ მისთვის რთული მეტოქე ვარ. თუ ჭკვიანია და სურს, ღირსეული ჩემპიონი იყოს, მე უნდა მეჩხუბოს. თან, ისტორია გვაქვს. მისი ქურთუკი მოვიპარე, სტერლინგის მეგობარი ვარ და ა.შ. ჩემპიონები მთავარ პრეტენდენტებს ეჩხუბებიან და ტოპ 5-ს მიღმა მყოფ მებრძოლებს არ ხვდებიან.

ვინ მოიგებს? „ჩიტო“ ვერა თუ შონ ომალი? არ ვიცი, ამ ბრძოლისას ალბათ, ჩამეძინება და არ ვაპირებ, მათ დაპირისპირებას ვუყურო. წარმოგიდგენიათ „ჩიტომ“ რომ მოიგოს და ახალი ჩემპიონი გამოჩნდეს? სენდჰეგენმა მაგრად სცემა და მიუხედავად ამისა, ნომერ პირველი გახდა... სრული სიგიჟეა, ამაზე ფიქრიც არ მინდა.

მთელი კარიერის განმავლობაში მიზნამდე ნელ-ნელა მივდიოდი. ახლა, ვიცი, რომ ჩემი მომდევნო გამოწვევა საჩემპიონო ბრძოლაა. არ მინდა, უკან წავიდე. მინდა, წინსვლა გავაგრძელო და ტიტულისთვის ვიჩხუბო. ყველა ჩხუბი სერიოზული რისკია და არ მინდა, ტრავმა მივიღო და შანსი დავკარგო. სატიტულო ბრძოლა საქართველოსთვის უდიდესი მოვლენა იქნება. აქამდე, UFC-ში ქამრისთვის ქართველს არასდროს იჩხუბია და შანსის განიავებას არ ვაპირებ. მინდა, მივიღო, რასაც ვიმსახურებ და ეს საჩემპიონო ბრძოლაა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი აგენტი: “ხვიჩა ლავეციზე ნაკლები ფეხბურთელია“
იტალიელი აგენტი: “ხვიჩა ლავეციზე ნაკლები ფეხბურთელია“