„ორი საფეხური დიდი ნახტომია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის წინსვლაზე P4P რეიტინგში
MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა მებრძოლებთან უმუშავია, მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა. უმარ ნურმაგომედოვის მოქმედი მწვრთნელი UFC-ის Pound for Pound რეიტინგში მერაბის წინსვლას გამოეხმაურა.
„მერაბისთვის დიდი ნახტომი გამოვიდა. დვალიშვილმა შთამბეჭდავი გამოსვლები აჩვენა, მაგრამ ბოლო ჩხუბში, ილია თოფურიაც ბრწყინვალე იყო. თოფურიამ ყველა გაანადგურა, ბოლო ორთაბრძოლაში კი, მაქს ჰოლოუეი გაასწორა მიწასთან, თუმცა, სათქმელია, რომ მერაბიც ფენომენალური იყო“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა და „შუგა“ მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. „მანქანა“ Pound for Pound რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებდა და განახლებული მონაცემებით, მეორე ადგილზეა. დვალიშვილმა ჯონ ჯონსსა და ილია თოფურიას გადაუსწრო.
გეტყვით იმასაც, რომ „ელ მატადორს“ ოქტაგონზე ძალიან მალე ვიხილავთ. ივნისის ბოლოს, ილია მსუბუქ წონით დივიზიონში მოსინჯავს ძალებს და საჩემპიონო ბრძოლაში, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.