“მბაპე ყოველდღე უკეთესად ხდება“ - არბელოა სიტისთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
ბერნაბეუ:
„მძიმე მატჩი გველოდება, მაგრამ ძალიან კარგი შეხვედრა იქნება — ისეთი, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან. მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ და ძალიან მოტივირებულები ვართ. ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.“
მბაპეს მუხლის ტრავმა:
„მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ახლა ყველაფერი დღითი დღე უნდა ვაკონტროლოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. მისთვის ეს ძალიან პოზიტიური კვირა იყო და თავს შესანიშნავად გრძნობს. ყოველდღე უკეთ ხდება და იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება.“
ფავორიტის სტატუსზე:
„თუ ვამბობ, რომ ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვართ, ასე ვფიქრობ კიდეც. ჩვენ „რეალ მადრიდი“ ვართ და არასოდეს ვგრძნობთ თავს ვინმეზე ნაკლებად. არც უნდა ვიგრძნოთ. ვიცით, როგორი მეტოქე გვყავს — ვიცით მათი კლუბის იდენტობა, ფეხბურთელები და ისიც, რას წარმოადგენს „სიტი“. ვიცით, რამდენად რთულია მათთან თამაში, მაგრამ მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.“
გუარდიოლაზე:
„მას ყოველთვის აქვს რაღაც სიურპრიზი მზად. ის ისეთი მწვრთნელია, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად განსხვავებულია მისი გუნდები, ყოველთვის რაღაც ახალს ამზადებენ. უნდა იფიქრო ყველა იმ ვარიაციაზე, რაც მათ შეუძლიათ. ძალიან გამიკვირდება, თუ ხვალ „სიტის“ ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები არ იქნება. გუარდიოლას მსგავს მწვრთნელთან ყოველთვის მზად უნდა იყო.“
პირველ გუნდში ორი თვის მუშაობაზე:
„ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული განსხვავებაა. ამ ორ თვეში ბევრს სწავლობ და იზრდები. ვფიქრობ, იგივე ადამიანი ვარ, უბრალოდ უკვე ორი თვეა რეალის მთავარი მწვრთნელი ვარ — და ეს თითქოს ერთგვარი სამაგისტრო პროგრამაა. მადლიერი ვარ ყოველი დღის, რომელსაც აქ ვატარებ.“
კამავინგაზე:
„ახლა ბევრად უკეთ არის. ძალიან ცუდი კვირა ჰქონდა — როგორც ვამბობთ, კბილის ტკივილზე უარესიც კი. მაგრამ შაბათიდან გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალის მატჩისთვის სრულად მზადაა.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
ასევე შეგახსენებთ, სამეფო კლუბს დიდი დანაკლისი აქვს. არბელოას განკარგულებაში ედერ მილიტაო, კილიან მბაპე, როდრიგო, ჯუდ ბელინგემი, დანი სებალიოსი, ალვარო კარერასი და დავიდ ალაბა არ იქნებიან.