მანჩესტერ სიტი, კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

სამედიცინო კოლაფსი - რეალი სიტის განახევრებული გუნდით ხვდება

მადრიდის რეალში ტრავმების სერიამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები კლუბის სამედიცინო და ფიზიკური მომზადების დეპარტამენტების მუშაობასთან დაკავშირებით. სეზონში, რომელიც არაერთი მოთამაშის არყოფნით მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში ოთხმა კონკრეტულმა შემთხვევამ ეჭვები გააჩინა დიაგნოზების სიზუსტეზე, აღდგენის ვადებსა და რეაბილიტაციის პროცესებზე.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით პრობლემურ დროს ხდება — ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირების წინ, როდესაც გუნდს თითქმის ყველა პოზიციაზე მოთამაშეები აკლია.

ყველაზე გამოკვეთილი შემთხვევა კილიან მბაპეს ეხება. ფრანგ თავდამსხმელს 7 დეკემბრის შემდეგ მარცხენა მუხლის პრობლემა აქვს. თავდაპირველად ტრავმა გვერდითი იოგის დაჭიმვად შეფასდა, თუმცა სამი თვის შემდეგ დაზიანება არა მხოლოდ არ მოშუშდა, არამედ ახლა უკვე არსებობს ვარაუდი, რომ საქმე უკანა ჯვარედინი იოგის ნაწილობრივ გაწყვეტას ეხება.

მბაპეს რეაბილიტაცია ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. გუნდში მისი დაბრუნების ვადები არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ ფრანგი ვერ დაეხმარება გუნდს სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში — „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.

სიტუაცია თავად ფეხბურთელშიც შეშფოთებას იწვევს. როგორც MARCA წერს, მბაპე საფრანგეთში გაემგზავრა დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად და სპეციალისტ ბერტრან სონერი-კოტესთან კონსულტაციისთვის, რადგან მისი გამოჯანმრთელების პროცესთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები ვერ მიიღო.

ეს შემთხვევა რეალში განმეორებად პრობლემას ჰგავს — პირველადი დიაგნოზები მოგვიანებით იცვლება, რის შედეგადაც რეაბილიტაციის პროცესი იწელება და ფეხბურთელებში გაურკვევლობა ჩნდება.

კითხვებს ბადებს ჯუდ ბელინგემის შემთხვევაც. ინგლისელმა ნახევარმცველმა პირველ თებერვალს „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზით, ის დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებდა.

თუმცა უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა და ბელინგემი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მოედანზე. მისი სრულფასოვანი დაბრუნება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომდევნო სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება, თუმცა მანამდე მცირე დროით თამაშიც არ არის გამორიცხული — მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორს იქნება. რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების ფონზე ბელინგემმაც გადაწყვიტა საკუთარ ქვეყანაში მეორე სამედიცინო აზრი მოესმინა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კლუბში აღდგენის პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს.

მესამე შემთხვევა განსხვავებული ხასიათისაა. ედუარდო კამავინგა უკვე ათი დღეა კბილის პრობლემის გამო ვერ თამაშობს და „რეალის“ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე კუნთის ან სახსრის ტრავმას არ ეხება, მისი არყოფნის ხანგრძლივობა მაინც უჩვეულოდ დიდია. ტრავმების ფონზე კამავინგას შემთხვევაც განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სიტუაციას ალვარო არბელოას კომენტარებიც დაემატა.

მეოთხე შემთხვევა ალვარო კარერასს უკავშირდება. ფეხბურთელს „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ წვივის უკანა კუნთის არეში დისკომფორტი ჰქონდა. თავდაპირველად ეს მხოლოდ დარტყმით მიღებულ დაზიანებად შეფასდა, რის გამოც კარერასი გუნდთან ერთად ჩვეულებრივი ტრავმის პროტოკოლით არ მუშაობდა და ძირითადად დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მას კუნთი აქვს გაწყვეტილი. ეს ტრავმა კარერასს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს აუცილებლად გამოატოვებინებს და დიდი ალბათობით, საპასუხო შეხვედრაშიც ვერ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ ტრავმის ოფიციალური სამედიცინო დასკვნა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა.

ამ ოთხ შემთხვევას ემატება ედერ მილიტაოს, დანი სებალიოსისა და როდრიგოს ტრავმებიც, რის შედეგადაც „რეალს“ როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლია.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ცალკეულ ტრავმებს არ ეხება. შექმნილი ვითარება უფრო ფართო, სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. კლუბს ჯერ კიდევ ვერ აქვს ჩამოყალიბებული ეფექტური პრევენციული სისტემა, ხოლო კუნთოვანი ტრავმების რაოდენობა კვლავ ძალიან მაღალია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კლუბის ფიზიკური მომზადებისა და სამედიცინო შტაბის შემადგენლობაც არაერთხელ შეიცვალა. ამჟამად პასუხისმგებლები არიან სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკო მიჰიჩი და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ანტონიო პინტუსი — სპეციალისტები, რომლებიც წარსულშიც სწორედ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკვე იყვნენ კრიტიკის ობიექტები.

კითხვებს ბადებს რეაბილიტაციისა და თამაშში დაბრუნების პროცესიც. ხშირი რეციდივები და დაგვიანებული აღდგენა მიუთითებს, რომ მოქმედი სისტემა შესაძლოა საკმარისად ეფექტური არ არის.

ამ ფონზე „რეალი“, „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებას არა მხოლოდ სპორტული, არამედ უფრო ფართო პრობლემით ხვდება — გუნდის სამედიცინო და ფიზიკური მართვის საკითხით. ეს კი ის გამოწვევაა, რომელსაც კლუბს, დიდი ალბათობით, უახლოეს წლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები