„ჩემპიონთა ლიგა მათი სახლია“ - რა თქვა დი ლორენცომ რეალთან მატჩამდე
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „რეალთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელი უკანახაზელი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას პრესკონფერენციაზე ახლდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩემპიონთა ლიგა რეალის სახლია და სამეფო კლუბს ეს ტურნირი უამრავჯერ მოუგია, თუმცა მატჩისთვის მზად ვართ. საკუთარ კედლებში ვითამაშებთ, ტრიბუნები სავსე იქნება და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რეალი რთულ ვითარებაში ჩავაყენოთ. ვიცით, რომ შესანიშნავ გუნდს ვხვდებით და საინტერესო მატჩი გველოდება.
ვინისიუსს რაც შეეხება, ის შესანიშნავი ჩემპიონია. ახალგაზრდაა, მაგრამ პირველივე წუთიდან გადამწყვეტია. მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, მაგრამ როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი და მთლიან გუნდზე უნდა ვიფიქროთ. როცა ბურთი გვექნება, მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ და რთულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ.
ოსიმენის საკითხი? ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. მისი დამოკიდებულება იგივეა და ეს ბოლო შეხვედრაშიც გამოჩნდა. მან მოგების სურვილი გამოავლინა, თანაგუნდელებს ეხსნებოდა და ჩვეულებრივი ვიქტორ ოსიმენი იყო. ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც სხვების მსგავსად, რეალის წინააღმდეგ მაქსიმუმს გააკეთებს.
მაღიზიანებს, როცა მატჩში შეცდომას ვუშვებთ და ამბობენ, რომ იმ დონეზე ვერ ვთამაშობთ, რომელსაც გასულ სეზონში ვაჩვენებდით, ხოლო როცა ყველაფერი კარგად გამოგვდის, ამბობენ, რომ შარშანდელი ნაპოლი დაბრუნდა. გასულ სეზონზე საუბარს ვაგრძელებთ, არადა, წინ უნდა ვიაროთ. ძლიერი გუნდი გვყავს და გვქონდა მატჩები, რომლებშიც ჩვენი დონე ვერ გამოვავლინეთ. თუმცა, სეზონი გრძელია და გასავლელ გზაზე ვართ ორიენტირებული. ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყეთ და სტუმრად გამარჯვება მარტივი არასდროსაა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ 3-3 ქულა აქვთ და მათი დაპირისპირება „მარადონაზე“ გაიმართება. მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.