ჩელსი ოსიმენის გაფორმებაზე ფიქრობს | ლურჯებს საიმედო ფორვარდი უნდათ
„ჩელსი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის გაფორმებაზე ფიქრობს. ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, The Guardian-ის ინფორმაციით, „ლურჯების“ ინტერესი სერიოზულია და შესაძლოა, ნიგერიელი ფეხბურთელის გადაბირება იანვარში სცადონ.
„არისტოკრატებს“ საიმედო თავდამსხმელის შეძენა სურთ და ნიკოლას ჯექსონის გადაყვანის მიუხედავად, ოსიმენის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ. 24 წლის ნიგერიელს „პარტენოპეისთან“ დაძაბული ურთიერთობა აქვს და იტალიურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ მისი წასვლის ალბათობა მაღალია.
როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი „ნაპოლის“ ოფიციალურ „ტიკტოკზე“ გავრცელებულ დამცინავ ვიდეოს უკავშირდება, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვიქტორს კლუბისგან და მისი პრეზიდენტისგან ბოდიში არ მიუღია და მხარეებს შორის ყინულია გაჩენილი.
იგივე ინფორმაცია გაავრცელა Il Mattino-მაც. იტალიური გაზეთის მიხედვით, ოსიმენი კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და არის შანსი, „ნაპოლიმ“ მისი გასხვისება უახლოეს პერიოდში გადაწყვიტოს. Gazzetta dello Sport-ი დასძენს, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის განცხადება, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, დამშვიდობების წინა მიმართვა გახლდათ.