ბარსელონამ სევილიასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა
„ბარსელონამ“ „სევილიასთან“ ყველანაირი საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
ანდალუსიური კლუბის წარმომადგენლებმა ლა ლიგის მე-8 ტურში „ბარსელონასთან“ სტუმრად (0:1) გასამართი მატჩის წინ, თავიანთი წარმომადგენლის კატალონიაში შეხვედრაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
„სევილიას“ ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.
„ბარსას“ ნეგრეიასთვის ქრთამის გადახდას აბრალებენ, კლუბს ბრალი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა კატალონიელები ამას აბსურდად მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
„ე.წ. „ნეგრეირას საქმე“ ვერ ამართლებს მსგავს ქმედებებს, რადგან სასამართლო პროცესი გამოძიების ძალიან ნაადრევ სტადიაზეა და სევილიას პოზიცია აშკარად წინასწარ განსაზღვრავს ფაქტებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილება არანაირად არ ცვლის ბარსელონას ფაქტობრივ და სამართლებრივ პოზიციას. ის სამართლებრივად საკამათოა. ეს არ არის მართებული მტკიცებულება და კლუბის მიერ სათანადოდ გასაჩივრდება.
სევილიას პოზიცია ალოგიკური ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, კლუბი უგულებელყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციას, მეორე მხრივ კი ბარსელონას ართმევს უფლებას დაიცვას საკუთარი თავი მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
სევილიას ამ მიუღებელი და გაუმართლებელი პოზიციის გათვალისწინებით, ბარსელონა თვლის, რომ სევილიურ კლუბთან ყველა ინსტიტუციური ურთიერთობა გაწყდება მანამ, სანამ მათი ამჟამინდელი პოზიცია არ გამოსწორდება“,
- ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში.
მექრთამეობაში ასევე ბრალდებულები არიან თავად ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა, მისი შვილი, ასევე კატალონიური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ და სანდრო როსელი. საქმეზე გადაწყვეტილებას 9 ნაფიცი მსაჯული მიიღებს.