მეორე ადგილზე გადაინაცვლა | შერმადინი ისტორიულ შედეგს უახლოვდება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეორე რაუნდში, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ვალენსიას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, თუმცა „ვალენსიამ“ მაინც იმარჯვა - 94:86.
გუშინდელ შეხვედრაში, შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „ლენოვო ტენერიფეს“ მაისურით მას 769 მოხსნა დაუგროვდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო მომხსნელთა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ვალენსიასთან“ მატჩამდე, შერმადინი ხავი ბეირანთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფდა - 762 მოხსნა.
გიორგიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კენ ჯონსონს აქვს. მის ანგარიშზე 834 მოხსნაა და წესითა და რიგით, შერმადინმა ისტორიული შედეგი ამ სეზონშივე უნდა დააფიქსიროს. აღსანიშნავია ისიც, რომ „შერმინატორმა“ „ლენოვო ტენერიფეს“ მაისურით ლიგა ენდესაში 133-ე შეხვედრა ჩაატარა და ტოპ 10-ში შეაბიჯა.
ცნობისთვის, „ლენოვო ტენერიფემ“ სეზონი ცუდად დაიწყო და 2-დან 2 წაგება აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს, „მურსიას“ წინააღმდეგ ელის.