გლიბ კატკოვი, ევგენი კატკოვი
Aa
Aa

მსურს ჩემმა შვილმა უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - გლიბ კატკოვის მამა

უკრაინულმა Football 24-მა საქართველოს 15-წლამდე ნაკრების წევრის, გლიბ კატკოვის მამასთან, ევგენისთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, კატკოვების ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად 2014 წელს გადმოვიდა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. მანამდე ევგენი კატკოვი ოჯახთან ერთად დონეცკში ცხოვრობდა.

ახლახან მისი შვილი გლიბ კატკოვი საქართველოს 15-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა როგორც მისი მამის საუბრიდან ჩანს, სურს რომ მისმა შვილმა უკრაინის ნაკრებში ითამაშოს.

„გლიბი „საბურთალოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ბოლო ორი წელია „ინტერის“ აკადემიაში თამაშობს. ერთ-ერთ მატჩს საქართველოს 15-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაესწრო და აპრილში გამოიძახა, გლიბმა რამდენიმე შეხვედრაში ითამაშა.

ძალიან მახარებს, რომ საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ვაპირებთ, ძალიან მინდა ჩემი შვილი უკრაინის ნაკრებში მოხვდეს. თუ უკრაინის ნაკრებიდან წინადადებას მივიღებთ, ვფიქრობ იქ სათამაშოდ აუცილებლად უნდა წავიდეს.

გლიბს საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს და ამ საბუთიდან გამომდინარე საქართველოს 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაში შეუძლია. ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვისაუბრებთ.

გლიბის აგენტი ბელგიიდანაა, მისი რჩევით საქართველოს ნაკრებში თამაში გადავწყვიტეთ, რადგან ასე უფრო დიდი ასპარეზი ექნება, ასე უფრო კარგად გამოჩნდება''.

აღნიშნულ გამოცემას გლიბ კატკოვიც ესაუბრა: „ჩემთვის საქართველო მშობლიურ ქვეყნად იქცა, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ სტუმარი ვარ. არ ველოდი, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახებდნენ, მაგრამ ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ასეულობით ფეხბურთელში ამომარჩიეს. ვოცნებობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის ან საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშო''.

ასევე გეტყვით, რომ გლიბ კატკოვის მენეჯერი მამე ამიროვია, რომელმაც 2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარში“ გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები