რობოტია, საოცარი ფიზიკური მომზადება აქვს - ვაისმა კანკავაზე ისაუბრა
UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სლოვანმა’’ შინ ფარერის კუნძულების წარმომადგენელი „კლაკსვიკი’’ 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა მისი შვილი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი, ჩავრიჩი და 37 წლის ჯაბა კანკავა გამოარჩია.
„ვლადოს (უმცროსი ვლადიმირ ვაისი) 6 კვირა არ უთამაშია, ასე რომ 100 პროცენტით მზად არ იყო, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ მოედანზე დიდხანს დარჩა. მან მიჩვენა, რომ ყველაფერი კარგად იყო, შეცვლას არ საჭიროებდა. მისი შეცვლა მსურდა, მაგრამ ეს არ იყო შესაძლებელი. საკვანძო მოთამაშეები, როგორებიც ვლადო ან ჩავრიჩი არიან, ასეთ რთულ მატჩებში არავის აცდიან, ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, შეცვლაზე უარს ამბობენ. ანალოგიურად ვფიქრობ კანკავაზე, რომელიც რობოტია’’.
როგორც სლოვაკური Sport.sk წერს, ვაისმა ჯაბა კანკავას საოცარ ფიზიკურ მომზადებას გაუსვა ხაზი. მისი აზრით, ჯაბას უზარმაზარი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, ბრწყინვალედაა მომზადებული.
ვაისმა კანკავა გასულ კვირაში, „დუნაისკა სტრედასთან“ მატჩის შემდეგაც შეაქო: „კუცკა და კანკავა ფანტასტიკური მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგჯერ ემოციებით უნდა ითამაშო ბრძოლაშიც კი, მცირედით არბიტრს ეკამათო. აჩვენო, რომ დღეს აქ ხარ და მარცხს არ ეგუები’’.
ამ მატჩში გურამ კაშიას არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ვაისმა ცენტრალურ მცველებად „ტოტენჰემის’’ ყოფილი ფეხბურთელი კევინ ვიმერი და სლოვენიელი კენან ბაირიჩი ათამაშა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კაშია სასტარტოს მიღმა აღმოჩნდა. ასე მოხდა ევროპა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრებში, როცა „სლოვანი’’ კვიპროსულ „არისთან'' ორი მატჩის ჯამში 4:7 დამარცხდა (2:1, 6:2). ბოლო მატჩებიდან გამომდინარე აშკარა გახდა, რომ ვაისი 36 წლის ქართველს მცველს მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატის შეხვედრებში ენდობა.
„კლაკსვიკთან“ მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისს გურამ კაშიაზე არ უსაუბრია, თუმცა „არისთან“ პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კაშია და ვიმერი როტაციაში იქნებიან.
„ჩემთვის გურამ კაშიას სათადარიგოთა სკამზე დატოვება რთული იყო. გურამ კაშია ორი წელია „სლოვანშია“ და დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ახლა კევინ ვიმერის თამაში გადავწყვიტე, მან შემტევების წინააღმდეგ თამაში კარგად იცის და ასევე ცაციაა. ჩვენ სამი ბრწყინვალე ცენტრალური მცველი გვყავს, რომლებიც როტაციაში იქნებიან, ერთმანეთს შეცვლიან. მე ეს მათ უკვე ვუთხარი, თითოეული იმსახურებს თამაშს“.