სანიოლი: ჯაბა კანკავა სამაგალითო ფეხბურთელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საყრდენ ზონაში არსებულ პრობლემას ეხებოდა, კონკრეტულად ისეთი ფეხბურთელის აუცილებლობას, რომელიც შეტევების ჩაშლასა და ორთაბრძოლების მოგებაში ძლიერია.
„ჯაბა კანკავა ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია, მისი საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითოა.
თუ ესპანეთთან გამართული მატჩიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში დაგვაკლდა, თუმცა იგივე შეიძლება სხვა ფეხბურთელებზე ვთქვათ, ვინც წარსულში თამაშობდა, მაგალითად არველაძე.
რაც შეეხება ახალგაზრდა მოთამაშეებს, მაღალი კლასის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო, რისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჯაბა კანკავა იყო. არ არის გამორიცხული, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უახლოეს პერიოდში ვიხილოთ მსგავსი დონის მოთამაშე ამ პოზიციაზე''.
შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2004-21 წლებში თამაშობდა. 37 წლის მოთამაშემ, რომელიც ამჟამად ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო. ასევე აღსანიშნავია, რომ კანკავამ ეროვნულ ნაკრებს 62 შეხვედრაში უკაპიტნა.
ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ნორვეგია ოსლოში საქართველოს უმასპინძლებს. შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
დიმა შარიქაძე ოსლოდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის
ფოტოები: სფფ-ის პრესსამსახური