61 საგოლე მოქმედება 61 მატჩში - რაფინიას საოცარი სეზონი
„ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მასპინძლების შემადგენლობაში ნამდვილად გამორჩეული იყო, თუმცა თავად ბრაზილიელმა შემტევმა ტრადიციულად თავმდაბლობა გამოიჩინა და აღნიშნა, რომ MVP-ის პრიზს მისი თანაგუნდელები უფრო იმსახურებდნენ. რაფინიას აზრით, მასზე გაცილებით კარგი მატჩი ჰქონდათ ფერან ტორესს, პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესს, თუმცა მისთვის თითოეული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პედრია, რომელსაც გუნდის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.
მთლიანად წლევანდელი სეზონი 28 წლის ბრაზილიელისთვის გამორჩეულია და ამ ეტაპზე „ოქროს ბურთის“ რეიტინგში ლიდერია. გარდა იმისა, რომ ის ძალიან შედეგიანია, მთელი წელი გადამწყვეტ მატჩებში გადამწყვეტი გოლების გატანით გამოირჩეოდა, რაზეც „ელ კლასიკოში“ ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს. „სამეფო კლუბთან“ წელს გამართულ ოთხ დაპირისპირებაში რაფინიას ანგარიშზე 7 საგოლე მოქმედება (5 გოლი და 2 საგოლე პასი) იყო, ამაზე უკეთესი შედეგი კი „ელ კლასიკოებში“ ოცდამეერთე საუკუნეში მხოლოდ ლიონელ მესის (8 საგოლე მოქმედება) ჰქონდა.
61 საგოლე მოქმედება 61 შეხვედრაში - სწორედ ასეთი მაღალი შედეგიანობის გამო ითვლება ყველა ტურნირზე 38 გოლისა და 23 ასისტის ავტორი ბრაზილიელი 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების კანდიდატად და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ მთავარ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა.