10 მილიონი ფინანსური დარღვევებისთვის - ჩელსი პრემიერლიგამ დასაჯა
ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ ფინანსური დარღვევებისთვის 10 მილიონი ფუნტით დააჯარიმეს. დარღვევები ეხება 2011-2018 წლებში, რომან აბრამოვიჩის პრეზიდენტობის დროს, არარეგისტრირებული საფეხბურთო აგენტებისთვის და მესამე მხარეებისთვის ფარულ გადახდებს, რაც კანონით აკრძალულია. გადარიცხვების ჯამურმა მაჩვენებელმა 47 მილიონი ფუნტი შეადგინა და ეს თანხები ისეთი ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერებთან არის დაკავშირებული, როგორებიც ედენ აზარი, სამუელ ეტოო, ვილიანი, რამირესი, დავიდ ლუისი, ანდრე შურლე და ნემანია მატიჩი არიან.
ახალმა მფლობელებმა, რომლებმაც „ჩელსი“ 2022 წელს შეიძინეს, თავად განაცხადეს თაღლითობის შესახებ და სრულად აღიარეს დანაშაული, პრემიერ ლიგამ კი ეს გაითვალისწინა, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება და ჯარიმა გაანახევრა. შედეგად, როგორც უკვე მოგახსენეთ, „არისტოკრატები“ 10 მილიონი ფუნტით დაჯარიმდნენ და მთავარ გუნდში ფეხბურთელების რეგისტრაციაზე ერთწლიანი აკრძალვა მიესაჯათ, რაც მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევებს ადგილი კიდევ ექნება.
ცნობისათვის, 2011 წლიდან 2018 წლამდე - „ჩელსიმ“ ორჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, ორჯერ ასოციაციის თასი, თითოჯერ კი ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.