კიტეიშვილის მაგარი მატჩი და დუბლი - შტურმის დამაჯერებელი გამარჯვება ვენაში
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ვენის აუსტრიას“ დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა და გრაცელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, კიტეიშვილმა თანაგუნდელ ჯატასთან კარგი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც გოლით დაასრულა.
მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე კიტეიშვილმა „აუსტრიას“ საჯარიმოში მეტოქე გუნდის მცველი, პლატოვიჩი დააჯარიმა, რის შედეგადაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, შემდეგ პლატოვიჩს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. პენალტი კი ზუსტად თავად კიტეიშვილმა შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. „შტურმის“ მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველი 72-ე წუთზე შეცვალა.
რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, ის თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო და გრაცელთა მე-5 გოლში ერთ-ერთი მთავარი როლი მას მიუძღვის. მართალია, მასპინძლებმა ავტო-გოლი ჩაიწერეს, თუმცა ეს ავტო-გოლი სწორედ მამაგეიშვილის აქტიურობას მოყვა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ოთარ კიტეიშვილი არამარტო „შტურმის“ არამედ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ნახევარმცველმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„შტურმი“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, საკუთარ მოედანზე „ზალცბურგთან“ გამართავს.