„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ასისტენტმა, ადელ შედლიმ, L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა. შედლი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელშიც „კვარამ“ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
„როგორც კი მისი სახე დავინახე, როდესაც მოედანზე შედიოდა, ვიცოდი, რაც მოხდებოდა. კვარაცხელია ამაყი და მტკიცე ხასიათის მქონე ფეხბურთელია. ალბათ, ძალიან არ მოეწონა, ძირითად შემადგენლობაში რომ არ დაიწყო.
ხვიჩას პირველი გოლი შემთხვევითობა ნამდვილად არ იყო. ეს არის ის, რაზეც ჩვენთან და პარი სენ-ჟერმენში მუდმივად ვარჯიშობს. ბევრი ფეხბურთელი არ არის, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. კვარაცხელია ფენომენია.
ჩემპიონთა ლიგის თამაშები ლიგა 1-ის შეხვედრებისგან განსხვავდება. კვარაცხელია მატჩებისთვის ერთნაირად ემზადება და მოტივაცია არაფერ შუაშია. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშები უფრო გახსნილი და მაღალტემპიანია, რაც მის პროფილს უკეთესად ერგება. საფრანგეთში ასე არ არის, რადგან პარი სენ-ჟერმენის მეტოქეები ღრმა დაცვაში დგანან.
ლიგა 1 უფრო ტაქტიკური და ძალისმიერი ტურნირია და გუნდები ღრმა დაცვაში დგანან. კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელებისთვის ეს შედარებით რთულია. მისგან ელიან, რომ განსხვავება შექმნას. ხვიჩას მეტოქეებმა იციან, რომ მას მათი მოტყუება შეუძლია და ცდილობენ, მის წინააღმდეგ ორმაგი ან სამმაგი დაცვა ითამაშონ.“
ცნობისთვის, „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და კვირის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლის ჯილდოზე იყო წარდგენილი.