ქოჩორას პრაქტიკა, ჩაკვეს ფორმა და კიტესთან კავშირი - აშვეთია სანაკრებო თემებზე
2026 წელი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია - სექტემბრიდან ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება და წარმატების შემთხვევაში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე გასვლისათვის იბრძოლებს. იქამდე, მარტსა და ივნისში კიდევ ორი სანაკრებო ფანჯარა იქნება, რომლის დროსაც ვილი სანიოლის მომზადებული ქართველი ფეხბურთელები საკონტროლო თამაშებს ჩაატარებენ და ეცდებიან ერთა ლიგისთვის კარგად მოემზადონ.
26 მარტს ჩვენი ქვეყნის ნაკრები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ისრაელს უმასპინძლებს, კიდევ ერთ სპარინგს კი 29 მარტს, კაუნასში ლიეტუვასთან გამართავს. სანაკრებო ბატალიების მოახლოებასთან ერთად, ყოველთვის საინტერესოა ვეტერანი მოთამაშეების მოსაზრებები და Crystalsport-ის შეკითხვებს ამჯერად მიხეილ აშვეთიამ უპასუხა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი კარიერა ჰქონდა და ეროვნულ გუნდშიც რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა აქვს გამართული.
მიხეილ აშვეთია
ამხანაგური თამაშები მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალებაა. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, სპარინგ-პარტნიორების მოძებნა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. კარგია ის ფაქტიც, რომ ერთა ლიგაზე ისეთ ჯგუფში მოვხვდით, რომ სათანადოდ მოტივირების შემთხვევაში წარმატების მიღწევა სრულიად შესაძლებელია.
უნგრეთის, უკრაინის, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან, შესაბამისად მთავარია მათთან მატჩებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვისურვებდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი სრულ მზადყოფნაში იყვნენ, რადგან ნაკრების ძირითად ბირთვს ეს ბიჭები წარმოადგენენ და მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მეკარის პრობლემა ნაკრებში დღის წესრიგში ყველაზე ნაკლებად დგას და ყურადღებამისაქცევი უფრო მეტად დაცვაა, რადგან ამ სათამაშო რგოლში შემადგენლობის გადახალისება მიმდინარეობს და დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა მოიძებნოს ისეთი კადრები, რომლებიც უკანა ხაზს გააძლიერებენ. საბედნიეროდ საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდში“ თამაში დაიწყო, ლუკა ლოჩოშვილის დიდი იმედი მაქვს. გარდა ამისა გურამ კაშია ალბათ კიდევ ერთ შესარჩევსაც ითამაშებს და ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებს.
გიორგი ქოჩორაშვილის და გიორგი მამარდაშვილის უთამაშებლობა სერიოზული პრობლემაა. უფრო მეტად პირველი მათგანის სათამაშო პრაქტიკის სიმწირეს განვიცდი, რადგან სავარაუდოდ ალისონი ზაფხულში წავა და მამარდა შანსს მიიღებს. თანაც, ახლა, როდესაც „გალათასარაისთან“ ანდეს კარი, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვე არ ჰქონდა ნათამაშები, დაკისრებულ მოვალეობას გიორგიმ თავი ღირსეულად გაართვა და ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, თუ პრაქტიკა არ ექნა, ლისაბონის კლუბი აუცილებლად უნდა დატოვოს. ოთარ კიტეიშვილთან ერთად საქართველოს ნაკრებში არაჩვეულებრივ დუეტს ქმნიდა და მათი კავშირი და მისი ფორმაში ყოფნა ეროვნული გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გიორგი ჩაკვეტაძის მთავარი პრობლემა ტრავმებია. თითქოს ის არ იყო საკმარისი მუხლის დაზიანების გამო, რომ ორწელიწადნახევარი ფეხბურთს ვერ თამაშობდა, 2025-შიც თუ არ ვცდები 7 თვე გაუცდა და ახლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძველი ფორმა აღიდგინოს. ვიცი, რომ გატანილი გოლების და საგოლე პასების რაოდენობით ცუდი სტატისტიკა აქვს, მაგრამ მთავარია რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და პროდუქტიულობას ნაკრებში გამოიჩენს.
რაც შეეხება Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას, დაძაბულობა იზრდება, მაგრამ ეს ხარისხის ზრდით ნამდვილად არ არის განპირობებული. უფრო იმით, რომ ყველა კლუბში თანაბარი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ. საჭიროა ხარისხიანი ლეგიონერები, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა გაგვიჭირდება.
ცნობისათვის, მიხეილ აშვეთიას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ძირითადში მხოლოდ 11 დაიწყო, 13-ჯერ შეცვლაზე შევიდა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.