„აღდგენის დროც არ მოგვცეს“ - ირანს აშშ-ის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს
ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოიმ ახალ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს.
„აღდგენისთვის დროც კი არ მოუციათ. თამაშის შემდეგ გვითხრეს: „დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ“. აღდგენისთვის განკუთვნილი დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გვიბრძანეს, თვითმფრინავში ჩავსხდარიყავით და ტიხუანაში დავბრუნებულიყავით. ეს ძალიან გვაშფოთებს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცით, ასე რატომ გვექცევიან. ეს უცნაურად მეჩვენება. გადაწყვეტილებებს იღებენ არა ფიფა-ში, არამედ სადღაც სხვაგან. თამაშამდე ორი დღით ადრე უნდა ჩამოვსულიყავით, შემდეგ კი ერთი ღამით უნდა დავრჩენილიყავით, რათა ძალები აღგვედგინა, და ბაზაზე ხვალ შუადღისთვის დავბრუნებულიყავით.
წარმოდგენა არ გვაქვს, ასე რატომ ხდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს გუნდს ყველაზე მეტად ჩაგრავენ“, – განაცხადა გალენოიმ.
შეგახსენებთ, რომ ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი ლოს-ანჯელესში გაიმართა. ირანელებს ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ამავე სტადიონზე ელით.