თელ-ავივის მაკაბი ევროტურნირების თამაშებს ბათუმში ჩაატარებს
ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, თელ-ავივის „მაკაბი“ ევროასპარეზზე საშინაო შეხვედრებს ბათუმის სტადიონზე ჩაატარებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ისრაელსა და ირანს შორის მომხარი კონფლიქტის გამო „მაკაბის“ ნეიტრალური ლოკაციის მოძებნა მოუწია და საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ ბათუმის სტადიონი შეირჩა:
„კლუბის წინაშე არსებული ყველა შესაძლო ვარიანტის დეტალური შესწავლის შემდეგ და იმ სურვილით, რომ ჩვენს რაც შეიძლება მეტ გულშემატკივარს მიეცეს გუნდის თანხლების საშუალება ევროპულ ასპარეზზე, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ „მაკაბი თელ-ავივი“ 2026/27 წლების სეზონის ევროპულ მატჩებს საქართველოში, ბათუმის სტადიონზე უმასპინძლებს.
თანამედროვე სტადიონი, რომელიც 2020 წელს აშენდა და დაახლოებით 20 000 მაყურებელს იტევს, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ქალაქის შუაგულში. ბათუმი გამოირჩევა მაღალი ხელმისაწვდომობით ისრაელელი გულშემატკივრებისთვის, რადგან გთავაზობთ ისრაელიდან პირდაპირი ფრენების ფართო არჩევანს, ფრენის მცირე ხანგრძლივობასა და კვირის ნებისმიერ დღეს ჩამოსვლის მოსახერხებელ ვარიანტებს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ბათუმის არჩევა „მაკაბის“ ბევრ გულშემატკივარს მისცემს საშუალებას, კვლავაც ახლოს იყოს გუნდთან, ევროპულ არენაზეც შექმნას შინაურული, თბილი ატმოსფერო და მოთამაშეებს ის მხარდაჭერა გამოუცხადოს, რომელიც კლუბს ყველგან თან ახლავს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ცნობისთვის, მომავალ სეზონში „მაკაბი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თელ-ავივის გუნდი ისრაელის თასის გამარჯვებული გახდა და ევროპა ლიგაზე გამოსვლის უფლებაც სწორედ ამის გამო მიიღო. შიდაჩემპიონატში „მაკაბი“ მე-3 პოზიციაზე გავიდა და ლიდერ „აპოელ ბერ შევას“ 13 ქულით ჩამორჩა.