მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესი ოფიციალურად გახსნა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში).
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ შეხვედრების მოგებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც 13 მოთამაშე „თბილისი არენაზე“ გამართულ პირველსავე ვარჯიშზე გამოცხადდა. ადგილობრივი ჩემპიონატის კალათბურთელებთან ერთად, დარბაზში ის ლეგიონერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულეს.
მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ალავიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, ცოტნე ცარციძე, გიორგი ტურძილაძე, რომან ჭინჭარაული, ვილი ისიანი, გოგა ბითაძე.
21 ივნისს, გამთენიისას, თბილისური შეკრების შედეგად შერჩეული შემადგენლობა ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაემგზავრება, სადაც 29 ივნისამდე დარჩება. ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიას დაასრულებს. ეს სერია მინიმუმ 24 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა, შესაძლოა, „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 28 რიცხვამდეც გაიწელოს. სანდრო მამუკელაშვილი კანადაში იმყოფება და ნაკრებს, ისევე როგორც ნატურალიზებული ამერიკელო უკანახაზელს, მარკის რიდი, პირდაპირ ლატვიაში შეუერთდება.
24 ივნისი (იურმალა): საქართველო – ანგოლა
29 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია (ეს მატჩი ზუსტად იმ დარბაზში ჩატარდება, სადაც 3 დღეში ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში უკრაინას უდაუპირისპირდება.