ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა მებრძოლმა შეკითხვებს უპასუხა და „ელ მატადორის“ მომავალზე ილაპარაკა.

„თოფურიას გამარჯვებას ვვარაუდობდი. მეგონა, ოქტაგონში შევიდოდა და ნოკაუტით გაიმარჯვებდა, თუმცა ყველას ვაფრთხილებდი და ვამბობდი, რომ გეიჯი სახიფათო მებრძოლია. ჯასტინი არის მებრძოლი, რომელიც ზუსტი დარტყმებით გამოირჩევა, ბინძურ სტილში ჩხუბობს, კლინჩი უყვარს, მეტოქეები პარტერში გადაჰყავს და მათზე წნეხს ახორციელებს. ეს უცნაური სტილია, რომელმაც შედეგი მოიტანა.

თოფურიამ ჩხუბი ჩვეულ, აგრესიულ სტილში დაიწყო. ფინიშს ეძებდა და მეორე რაუნდში გეიჯი თითქმის დანოკაუტებული ჰყავდა, თუმცა ჯასტინი ფერფლისგან აღდგა. არ დანებდა, თავისი ჯებისა და კლინჩის იმედად დარჩა, გრეპლინგი შეურია და მიზანს მიაღწია. მან საოცრად იასპარეზა და მსოფლიოს აჩვენა, MMA რეალურად რას წარმოადგენს. ამ სპორტში გარანტიები არ არსებობს. როგორც კი გალია იკეტება, არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს.

ჩემი აზრით, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაცია იყო. ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ ბრძოლის ირგვლივ ხდებოდა. თუნდაც მარტო კოეფიციენტები რად ღირს. ყველამ, ვინც მხარი გეიჯის დაუჭირა, დიდი ფული იშოვა. მე თვითონაც წავაგე ფული. ჩემს ბიძაშვილთან მქონდა სანაძლეო დადებული და წავაგე.

ილიას სტრატეგია? ჩემს თავს მოვიყვან მაგალითად, რომ მოგვიანებით ვინმემ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო არ გაავრცელოს. მე მასთან ნაჩხუბარი მაქვს. ოქტაგონში ვიდექი და ველოდებოდი, რადგან მჯეროდა, რომ ჩემი დარტყმა მიზანს მიაღწევდა. არსებობს ასეთი დღეებიც. ხანდახან ადგენ ბრძოლის გეგმას, მაგრამ ის არ ამართლებს. რას იზამ? რაც იყო, იყო. ყველაფერი დასრულდა. ახლა ის უნდა გააკეთო, რაც მე გავაკეთე: ფეხზე წამოდგეს და უფრო ძლიერი დაბრუნდეს.

როდესაც მან ძალიან თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია, გავიფიქრე: „ეს რა სტრატეგიაა-მეთქი?“ მაგრამ ის უბრალოდ იმ ერთადერთ დარტყმას ეძებდა. და თუ ის დარტყმა მიზანს აღწევს, ყველაფერი მთავრდება. მან უძლიერესი მუშტი გაატარა, რის გამოც გეიჯი ჩაიკეცა, მაგრამ მისი გული უფრო დიდი აღმოჩნდა. თოფურიამ წააგო, გეიჯიმ კი მოიგო. რეალობა ეს არის.

ილია დანებდა? რეალურად, არა. თუ მომენტს გადაახვევთ და ხელახლა შეხედავთ, ნახავთ, რომ როდესაც ის სკამზე დაჯდა, მის გუნდს ბრძოლის გაჩერება უნდოდა, თავად მას კი — არა. გუნდმა, ფაქტობრივად, პატივი სცა მის სურვილს და ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცა. მერე, რაუნდის დასასრულისკენ, ექიმი შევიდა და მასაც უნდოდა შეწყვეტა. მათ ისაუბრეს ამაზე და მაინც მისცეს გაგრძელების ნება.

ჩემი აზრით, ბრძოლა ზუსტად საჭირო მომენტში გაჩერდა. მას მეტი აღარაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. ძალიან მძიმედ იყო დაზიანებული და უკან რომ დაბრუნებულიყო, ალბათ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ხალხი არასდროს არის კმაყოფილი. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვისაც რაღაცის თქმა უნდა, უბრალოდ იმისთვის, რომ აჟიოტაჟს აჰყვეს ან სიტუაცია არიოს. მაგრამ ეს MMA-ია. მუდამ იქნება ვინმე, ვინც გააკრიტიკებს ან ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ეს ამ თამაშის ნაწილია.

რამ მოაგებინა ჯასტინს? გულმა. ამაში ეჭვიც არ მეპარება. გულმა, მიზანსწრაფულობამ, ჩემპიონობისა და გამარჯვების უდიდესმა სურვილმა. თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედავთ, ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ფსონსაც ყველა მის წაგებაზე ჩამოდიოდა. ამ კაცს სჯეროდა საკუთარი თავის. მას წამითაც არ ჩამოუშვია ცხვირი. მან ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. მისი გუნდი ბრძოლის დაწყებიდანვე ეუბნებოდა: კონცენტრაცია შეინარჩუნეო. და თუ მეორედან მესამე რაუნდზე გადასვლას დააკვირდებით, მისი კუთხე მუდმივად მოუწოდებდა, რომ წინ წასულიყო. მძიმე დარტყმა გაატარა, კლინჩში შევიდა, თეიქდაუნი შეასრულა და ზუსტად ის გააკეთა, რასაც ვარჯიშებზე ამუშავებდა. მას ერთხელაც არ უფიქრია დანებება.

ილიამ თავად თქვა ის, რაც სიმართლეა. ბევრი მებრძოლი აგებს და მერე თავს ხრის, მენტალურად ტყდება. მე პირიქით მოვიქეცი. როდესაც მასთან წავაგე, სახლში წავედი და მინდოდა ჩემს ოჯახთან ახლოს ვყოფილიყავი. არიან ადამიანები, რომლებიც გეხუტებიან, მაგრამ ამავდროულად დაგცინიან და ინტერნეტში სისულელეებს ლაპარაკობენ. მე იმ ადამიანების გვერდით დავრჩი, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ყურადღება ვარჯიშზე გადავიტანე, შეცდომების გამოსწორებაზე, საკუთარი თავისგან მეტის მოთხოვნასა და უფრო ძლიერ მებრძოლად დაბრუნებაზე. ახლა ზედიზედ ორი გამარჯვება მაქვს. ასე რომ, მისთვის რამის თქმა რომ შემეძლოს, ამას ვეტყოდი: იყავი შენს ოჯახთან და იმ ადამიანებთან ახლოს, ვისაც უყვარხარ. როცა მზად იქნები, მაშინ დაბრუნდი. მაგრამ დაბრუნდი უკეთესი, გამოასწორე შეცდომები და ეძებე ახალი გამარჯვებები.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ისტორიული ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იყო. მათი ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა. თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბი თოფურიას გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა გააბრაზა
„სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბი თოფურიას გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა გააბრაზა