თოფურია კლინიკიდან გაწერეს - როგორია „მატადორის“ მდგომარეობა
ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ, სახის არეში მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაყვანილმა ილია თოფურიამ ვაშინგტონში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და მკურნალობას სახლიდან გააგრძელებს.
ესპანური გამოცემა ABC-ის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, „მატადორმა“ კლინიკაში რამდენიმე საათი გაატარა. თავდაპირველად, იწერებოდა, რომ ქართველ მებრძოლს ორივე ორბიტალური ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმაც განაცხადა, თუმცა ესპანურ მედიაში იწერება, რომ ილია ძვლის მოტეხილობას გადაურჩა. ასევე, თოფურიას არც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
UFC-ის ოფიციალური სამედიცინო დასკვნა ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ილიას ოქტაგონში დაბრუნების უფლებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე არ მისცემენ. როგორც წესი, მსგავსი დაზიანებების მიღების შედეგად მებრძოლებს 9-დან 12 თვემდე უკრძალავენ ჩხუბს.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით, თოფურიამ გეიჯის გამოსვლა მიულოცა და მარცხი ყოველგვარი გამართლების ძიების გარეშე მიიღო.
„ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე. არანაირი გამართლება. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა მქონდა. მომზადებული მოვედი. წუხანდელი შენი ღამე იყო“, - დაწერა ესპანურ-ქართველმა მებრძოლმა. მან ასევე დატოვა გზავნილი: „გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო. და დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია შორსაა დასრულებისგან. ჩვენ გვექნება რევანში“.