ილია ბერიაშვილი
Aa
Aa

„მთხოვეს სობოსლაი არ დავამტვრიო“ - ინტერვიუ ილია ბერიაშვილთან

უეფას ერთა ლიგის 2025-2026 წლების გათამაშების B ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე უნგრეთის ნაკრებია, რომელთანაც „ჯვაროსნების“ გზები ერთადერთხელ, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ისე კარგად არ იცნობენ, როგორც დავუშვთ უკრაინელებს, რომლებთანაც დაპირისპირება ხშირად გვიწევს. სამაგიეროდ, უნგრეთის ეროვნულ გუნდზე და მისი ფეხბურთელების შესაძლებლობებზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამ ქვეყნის ჩემპიონატში, კერძოდ კი ბუდაპეშტის მტკ-ში მოთამაშე ცენტრალურ მცველს ილია ბერიაშვილს, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყველა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ილია ბერიაშვილი

როდესაც კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა, კლუბში ჩემმა უნგრელმა თანაგუნდელებმა ნახევრადხუმრობით მითხრეს, რომ დომინიკ სობოსლაის ზედმეტად არ ვეუხეშო. ზოგადად კი გეტყვით, რომ საინტერესო მეტოქეები შეხვდა საქართველოს ნაკრებს და კიდევ ვიტყვი იმას, რომ დაუძლეველი ჯგუფი არ არსებობს. ერთი რამ ფაქტია, უნგრეთში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთი ძალიან უყვართ და სტადიონის ტრიბუნები თითქმის ყველა თამაშზე სავსეა.

მართალია თამაშის საშუალება არ მომცემია, მაგრამ შემოდგომაზე ბულგარელებთან მატჩისთვის ვილი სანიოლმა გამომიძახა და იმედი მაქვს, რომ მისი ყურადღების მიღმა ამჯერადაც არ დავრჩები. ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეყანას გამოადგეს, რის გამოც ნაკრებში მიწვევა ორმაგად სასიხარულოა.

ვის ვიცნობ ეროვნული გუნდის ამჟამინდელი წევრებიდან? ლუკა გუგეშაშვილთან და ლუკა ლოჩოშვილთან ერთად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი. 2-3 მატჩი მაქვს გამართული ახალგაზრდულში გიორგი ქოჩორაშვილთან ერთადაც. ზოგადად კი, მე რაც შევამჩნიე, ნაკრებში საკმაოდ მეგობრული ატმოსფეროა და იქ უცხოდ თავს არავინ იგრძნობს.

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ როდესაც ამდენი მაგარი ფეხბურთელი გვყავს, ამას რთული დრო როგორ გინდა დაარქვა? სხვათა შორის, შემოდგომაზე ჩასული რომ ვიყავი, გურამ კაშიას ვთხოვე, რომ ჯერჯერობით წასვლაზე არ იფიქროს, რადგან მგონია, რომ ისევ შეუძლია უდიდესი სარგებლის მოტანა.

რაც შეეხება უნგრეთის ჩემპიონატს, „უიპეშტში“ მოთამაშე გიორგი ბერიძესთან და დავით კობოურთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში რატომ არ ათამაშებენ, არ ვიცი, რადგან ამ კლუბში პრეზიდენტი და მწვრთნელი შეიცვალა და ძალიან არეული მდგომარეობაა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ორი კვირის წინ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში წასვლის ვარიანტი მქონდა, მაგრამ ზაფხულამდე დარჩენა მთხოვეს და მეც უარი აღარ ვუთხარი.

შეგახსენებთ, რომ ილია ბერიაშვილი პირველად საქართველოს ნაკრებში ნოემბერში გამოიძახეს, თუმცა ბულგარელებთან თამაშის საშუალება არ მიეცა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონში მის სტატისტიკას, 16 შეხვედრაში ითამაშა, საიდანაც 14 შეუცვლელად ჩაატარა, ერთხელ შეცვალეს, ერთხელ კი წითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც არ ვიყავი სათანადო ფორმაში“ - შენგელია ნაკრებში გამოუძახებლობაზე
„მეც არ ვიყავი სათანადო ფორმაში“ - შენგელია ნაკრებში გამოუძახებლობაზე