იამალის ტრავმის რეციდივის რისკი მაღალია | დე ლა ფუენტე დილემის წინაშე
ესპანური Cadena Ser-ის ინფორმაციით, ლამინ იამალს ტკივილი აღარ აწუხებს, თუმცა პრობლემის გამწვავების რისკი კვლავ არსებობს, რეციდივის რისკი მაღალია და შესაძლოა პირველი მატჩის მსგავსად მეორე ტურში, საუდის არაბეთთანაც მცირე სათამაშო დრო მიიღოს.
ფეხბურთელი კაბო ვერდესთან მიღებული მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა. იამალს მიაჩნია, რომ ფორმის აღდგენა ყველაზე უკეთ მოედანზე გატარებული წუთებითაა შესაძლებელი.
სამედიცინო შტაბმა გასცა რეკომენდაცია, რომ კაბო ვერდესთან 18 წლის ვარსკვლავის ჩართულობა მაქსიმალურად შეზღუდულიყო, თუმცა საბოლოოდ მან თავდაპირველად დაგეგმილზე მეტხანს ითამაშა, რამაც მატჩის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ ლუის დე ლა ფუენტესთან დისკუსიები განაპირობა.
ჟურნალისტმა სანტი ოვალემ ლამინ იამალის შესახებ უახლესი სიახლეები გადაცემა El Larguero-ში გააჟღერა: „ჩვენ დავუკავშირდით იამალის გარემოცვას - მათ, ვინც ყველაზე კარგად იცნობს კატალონიური კლუბის ფეხბურთელს. ისინი აცხადებენ, რომ მოთამაშე თავს იდეალურად გრძნობს და მზადაა ითამაშოს ყოველთვის, როცა ამას ლუის დე ლა ფუენტე მოსთხოვს“.
„არსებობდა სამედიცინო რეკომენდაცია, რომ მას რაც შეიძლება ცოტა ეთამაშა. იმაზე მეტი მოუწია მოედანზე ყოფნა, ვიდრე დაგეგმილი იყო, და სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მუდმივი კონსულტაციები სამედიცინო შტაბსა და დე ლა ფუენტეს შორის. ეს არა იმიტომ, რომ იამალს რამე ტკივა, არამედ იმიტომ, რომ რეციდივის საფრთხე რეალურია“, — განაცხადა ჟურნალისტმა ანტონ მეანამ გადაცემაში Mundial On Fire.
შეგახსენებთ, მუნდიალის H ჯგუფის პირველ ტურში ესპანეთი - კაბო ვერდეს მატჩი სენსაციურად 0:0 დასრულდა. დე ლა ფუენტეს გუნდი მეორე ტურში, 21 ივნისს საუდის არაბეთს შეხვდება. მესამე ტურში, 27 ივნისს „ფურია როხას'' მეტოქე ურუგვაი იქნება.