ზედიზედ მესამე კლასიკოში - მბაპემ სამორანოს აჯობა
კილიან მბაპეს ჯერ კიდევ „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობის დროს უყვარდა „ბარსელონას“ კარში ბურთების გატანა და ამ მხრივ საწუწუნოდ საქმე არც „რეალში“ გადასვლის შემდეგ აქვს. 26 წლის ფრანგი ფორვარდი თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ გამართულ „ელ კლასიკოში“ სამეფო კლუბის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, თუმცა მისმა მცდელობებმა მადრიდელებს სარგებელი ვერ მოუტანა და „ბლანკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა.
მბაპე სადებიუტო სეზონშივე „რეალის“ ისტორიაში რამდენიმე შთამბეჭდავი მიღწევით შევიდა - ის სამეფო კლუბის პირველი ფეხბურთელია ივან სამორანოს შემდეგ, რომელმაც ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩილელმა ფორვარდმა ამის გაკეთება 1995 წელს შეძლო. კილიანის ანგარიშზე წელს ყველა ტურნირზე გამართულ 52 მატჩში 39 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა და სამორანოს (37 გოლი) შედეგის გაუმჯობესება ამ მხრივაც მოახერხა.
ცნობისათვის, კილიან მბაპემ 2025 წელს, ანუ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში უკვე სამი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ბარსელონასთან“ მატჩამდე მან ამის გაკეთება ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ და ესპანეთის ლა ლიგაში „ვალიადოლიდთან“ მოახერხა.