პირველი ადგილი განვითარების თასზე - 15-წლამდე ნაკრების წარმატება
საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. გიორგი ჩიტაურის მომზადებულმა გუნდმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და პრესტიჟულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
პირველ ტურში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და დებულების თანახმად პირდაპირ 11-მეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. ამ მატჩში ერთადერთი ბურთი ნიკოლოზ დუნდუას ანგარიშზე იყო. ტურნირის მასპინძელ სომხებთან ჩატარებული მეორე ტურის მატჩშიც ფრე დაფიქსირდა (2:2), სადაც დუნდუამ თავი უკვე დუბლით გამოიჩინა და პენალტებში აქაც უფრო მეტი ცივსისხლიანობა ქართველმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს და 5:3 გაიმარჯვეს. გადამწყვეტ მესამე პაექრობაში კი, ჩიტაურის კრებულმა უზბეკეთის ასაკობრივი გუნდი ანდრია ფოცხვერიას, დავით მაჭარაშვილისა და იმავე დუნდუას ზუსტი დარტყმებით 3:0 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა თორნიკე კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ დუნდუა.
ერევანში საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 24-კაციანი შემადგენლობით იმყოფებოდა, საიდანაც 17 მოთამაშე „დინამო თბილისის“ აკადემიის წარმომადგენელი იყო, მადრიდის „ატლეტიკოს“ წევრის მარკოს თოდუას სახით კი ერთადერთი ლეგიონერი გახლდათ.