„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
პარიზში, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის, UNFP-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, დეზირე დუე ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა და ჟურნალისტებთან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
„გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ზამთარში შემოგვიერთდა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ მოაქვს. ბარკოლასა და დემბელეს პსჟ-ში გადმოსვლამდე ვიცნობდი და ვფიქრობ, გუნდში ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ და ვცდილობთ, უკეთესი გავხდეთ. ძლიერ გუნდად სწორედ ეს გვაქცევს“.
სხვათა შორის, დუეს გარდა, უსმან დემბელე გამოარჩიეს, რომელიც ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ წლის საუკეთესო დამრიგებლის ჯილდო დაისაკუთრა, კილიან მბაპე კი უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და „პარი სენ-ჟერმენს“ 81 ქულით ჩემპიონობა განაღდებული აქვს. პარიზელთა მიზანი ტრებლის შესრულებაა. 24 მაისს, ენრიკეს გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშებს და „რეიმსს“ დაუპირისპირდება, 1 კვირის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ექნება.