ისტორიაში პირველად - ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ინგლისი დაუპირისპირდნენ. „ფურია როხამ“ 1:0 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად დაეუფლა მუნდიალის ტიტულს.
აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ესპანელები დომინირებდნენ და უფრო მეტ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ.
ანგარიში 29-ე წუთზე მარცხენა მცველმა კარმონა გარსიამ შორეული დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეიცვალა. ესპანეთი უპირატესობას ფლობდა და ინგლისი საკუთარ თამაშს კონტრ-შეტევებზე აგებდა. საბოლოო ჯამში, სარინა ვიგმანის გაწვრთნილ ნაკრებს არაფერი გამოუვიდა და დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მერვედფინალში შვეიცარიას, მეოთხედფინალში ნიდერლანდებს, ხოლო ნახევარფინალში შვედეთს მოუგო.