„ომალის ერთ დღეს მაგრად ვცემ, იანს ჭკუა ვასწავლე“ | მერაბმა ბევრ თემაზე ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ს ესაუბრა. „მანქანამ“ UFC 292-ის მთავარ მოვლენაზე ილაპარაკა, რომელშიც მისი ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი შონ ომალის დაუპირისპირდება. მერაბი სამომავლო გეგმებსა და საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსებსაც შეეხო.
„ალჯოსა და ომალის ჩხუბის გამო, აღფრთოვანებული ვარ, რადგან ისტორიული ბრძოლაა. სტერლინგი ქამარს დაიცავს, ომალის დააფინიშებს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მაგარია. ალჯამეინმა შესანიშნავი მოსამზადებელი კემპი გაიარა და საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ომალი სახიფათოა, მაგრამ ალჯოს გამოცდილება, გრეპლინგი, ჭიდაობა და კარდიო გადამწყვეტი იქნება.
ომალი სოციალურ ქსელებში ჩემ შესახებ ბევრს ლაპარაკობს და მახინჯს მიწოდებს. შეიძლება, მახინჯი ვარ, მაგრამ ერთ დღეს, მაგრად ვცემ. ჯერ ალჯო სცემს, შემდეგ - მე. მალე შევხვდებით, ჩემო ბიჭო. ომალი ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ არა უშავს, ხანდახან მაინც მომწონს, რადგან სასაცილო ბიჭია. სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის სხვა მებრძოლებს რაც შეეხებათ, პიოტრ იანის გარდა ყველა თავმდაბალი და ღირსეულია. პიოტრი საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული იყო და ჭკუა ვასწავლე. დავამარცხე, გავაკეთე ის, რაც საჭირო იყო და იმედია, ახლა თავმდაბალია და ზემოდან არავის უყურებს.
მე და ალჯოს საჩემპიონო ქამარზე და მის გეგმებზე არასდროს გვისაუბრია. თუ სტერლინგი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახდება, ტიტულისთვის მე და კორი სენდჰეგენმა უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ჰენრი სეხუდომ ბოლო ბრძოლა წააგო და ჩვენზე მეტად ამ ჩხუბს არავინ იმსახურებს. თუ ალჯო დარჩა, მისი მომდევნო მეტოქე კორია”.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. არსებობს ვარაუდი, რომ საჩემპიონო ბრძოლაზე „ქართველი მანქანას“ მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც თავის მხრივ ბოლო ბრძოლაში, ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარიც დათმო.