ლევან მაისაშვილი, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

„ოქროს თაობა დაკარგულ თაობად იქცევა“ - მაისაშვილი რაგბის უსამართლობაზე

„ბორჯღალოსნების’’ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა Rugby World-ის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქართველი სპეციალისტი სპორტის ამ სახეობაში არსებულ უსამართლო წესებზე საუბრობს, რაც ელიტარულ ქვეყნებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, საქართველოს მსგავს ქვეყნებს ელიტაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

„მალე მსოფლიო თასი დაიწყება, გუნდები ტურნირისთვის ემზადებიან, თუმცა რაგბის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს. ექვსი ერისა და სანზაარის მმართველი ორგანოები მზად არიან, რომ მსოფლიოს ახალი ლიგის პროექტი წარმოადგინონ. ამ პროექტის მიხედვით ექვსი ერის გუნდები, სამხრეთ ნახევარსფეროს ოთხი გიგანტი, ასევე ფიჯი და იაპონია ერთმანეთს ყოველწლიურად დაუპირისპირდებიან. ასეთი იქნება მსოფლიო ლიგა, რომელიც სტარტს 2026 წლიდან აიღებს.

ამ პროექტის მიმართ კრიტიკული კითხვები გაჩნდა, რადგან „დახურული“ ტურნირების იდეის გამგრძელებელია. ისეთ ქვეყნებს, როგორიც მაგალითად საქართველოა, ეს პროექტი იმედს გაუცრუებს. როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 100-პროცენტიანი დარწმუნებით ვამბობ, რომ  ეს გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვამზადებ, ჩემს კარიერაში საუკეთესოა.  უელსთან და იტალიასთან გამარჯვებების შემდეგ მათი კიდევ უფრო მეტად მჯერა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მივდივართ და გვსურს ამ ტურნირზე გავლენა მოვახდინოთ.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ლიგის ორგანიზატორები 2032 წლამდე არ აპირებენ დაწინაურება/გავარდნის სისტემის გაკეთებას. ეს ნიშნავს რომ რამდენად დიდი წარმატებას არ უნდა მივაღწიოთ, რამდენად ძლიერ ნაკრებებს არ უნდა მოვუგოთ, მსოფლიო ლიგის ელიტაში მოხვედრის შესაძლებლობა არ გვექნება. გარდა ამისა, ეს სისტემა გზას ახალ ტალანტებს უკეტავს. ახლახან, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ინგლისს, იტალიასა და არგენტინას მოუგო, სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო. საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა, რომ ტურნირს ტექნიკური ხარვეზი აქვს. ჩვენმა „ოქროს თაობამ“ არგენტინას, იტალიასა და ფიჯის გაუსწრო, თუმც ეს ქვეყნები ახალ ტურნირში ჩაერთვებიან, საქართველო ამის უფლებას ვერ მიიღებს.

ეს სამართლიანია? მერიტოკრატიულია? რა გზავნილებს მიიღებენ მოთამაშეები ესპანეთში, პორტუგალიაში, აშშ-ში, სამოაში და სხვა ქვეყნებში. ეს როგორ დაეხმარება მოთამაშეების განვითარებას? როგორ შთააგონებს ახალ თაობებს? ვშიშობ, ახალგაზრდა მოთამაშეები იგრძნობენ, რომ გადაულახავი და ხელოვნური ბარიერები არსებობს. „ოქროს თაობა“ დაკარგულ თაობად იქცევა. რაც წინ გველის, უსამართლობას აძლიერებს.

თუ კიდევ 9 წელი ახალი ტურნირისთვის კარი დაკეტილი იქნება, ახალმა თაობებმა ალტერნატიული გზა უნდა მიიღონ. საქართველოს ეს 20-წლამდე ექვსი ერი უნდა იყოს. 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მიწვეულია, 20-წლამდე ნაკრების შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს, ჩადეთ ინვესტიცია მომავალში, შთააგონეთ მომავალი თაობები’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები