ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სპალეტი ჩემთვის მამასავით არის, ოსიმენთან სრულ ჰარმონიაში ვარ“ - კვარას ინტერვიუ

ხვიჩა კვარაცხელიამ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

სკუდეტო და ემოციები

„იუვესთან მატჩის შემდეგ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ჩვენ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს ვიყავით და იმის შემდეგ, ყველა მატჩი წვეულებასავით იყო, არითმეტიკული სიზუსტის მოლოდინში. ეს იყო წარმოუდგენელი დღეები, ჩვენ განვიცადეთ დაუსრულებელი ემოციები. ჩვენმა მწვრთნელმა გაგვაფრთხილა, თუ რა გველოდა უკანა გზაზე, მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდით, შოკისმომგვრელი იყო. აეროპორტიდან გასასვლელად ერთი საათი დაგვჭირდა. ამაღელვებელი იყო ხალხში სიარული, ხალხის მოსმენა, რომლებიც ჩვენს სახელებს სკანდირებდნენ. მივხვდი, რომ სკუდეტოდან ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, იმ საღამო ვერავინ დაივიწყებს“.

ნეაპოლში ცხოვრება

„სამწუხაროდ გარეთ ხშირად ვერ გავდივარ. ხალხის ამ უზარმაზარი სიყვარულის მართვა რთული იქნება. ყველაზე მეტად აქ ჩამოსვლისას რამაც გამაკვირვა იყო ის, რომ ხალხმა მაშინვე გამიცნო. მიუხედავად იმისა, რომ უცნობი ვიყავი. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. შეიძლება მესამეც არის. მაკარონი ტომატის სოუსით, ძალიან კარგია! მიყვარს“.

სპალეტის შესახებ

„ის ჩემთვის მამასავით არის. მისთვის საკმარისად მადლობის გადახდას ვერასდროს შევძლებ. ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო. მან მომცა საშუალება უმაღლეს დონეზე მეთამაშა. ყოველთვის მეხმარებოდა, თუნდაც ურთულეს მომენტებში, როცა მაქსიმუმს ვერ ვაძლევდი. ის ყოველთვის იქ იყო და მამხნევებდა, მიცავდა, რჩევებს მაძლევდა. როგორი ფეხბურთელიც დღეს გავხდი, მისი დამსახურებაა“.

დე ლაურენტისის შესახებ

„ის მადლობის გადახდას იმსახურებს. ჩემი ძალიან სჯერა. მას სჯეროდა, როცა უცნობ ბიჭში ინვესტიციას დებდა. მან გარისკა...“.

რუდი გარსიას შესახებ

„მას შეუძლია ჩემი სათამაშო ხარისხი გააუმჯობესოს. ახლა მისი სათამაშო სტილის შესწავლის პროცესში ვართ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობთ. მომწონს ის როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, რომ დამეხმარება. ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ“.

მომავალი სეზონის შესახებ

„ცხადია, რომ ყველა მატჩის მოსაგებად ვთამაშობთ. შემდეგ ვნახავთ, შევძლებთ თუ არა საკუთარი შედეგის გამეორებას. ყველას პატივს ვცემთ, ბევრი ძლიერი გუნდია, რომლებიც კარგად თამაშობენ“.

ოსიმენის შესახებ

„ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა თავმდაბლობამ გამაოცა. მასთან მაშინვე შევედი სრულ ჰარმონიაში. მოედანზე ჩვენი გრძნობა კარგად ჩანს. მაშინაც კი, თუ მას ვერ ვხედავ, მე უკვე ვიცი სად იქნება ის, ვიცი როგორ ვეთამაშო, თითქოს მის მოძრაობას სულ ვგრძნობ და ასევეა ისიც ჩემ მიმართ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 19 აგვისტოს სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ფრანჩესკო: კვერნაძეს აქვს თვისებები, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს
დი ფრანჩესკო: კვერნაძეს აქვს თვისებები, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს