ისტორია დაიწერა - 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს და ცხადია ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი წარმატება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს შეხვდება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ ივლისს ჩაატარებს, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
მთელი მატჩის განმავლობაში ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, თამაშს აკონტროლებდა, რამაზ სვანაძის გუნდს შეტევების განვითარება ძალიან უჭირდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განავითარეს. 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის საოცარი რეიდი გოლით დასრულდა, „ბორდოს“ შემტევმა დრიბლინგის საოცარი უნარი კიდევ ერთხელ გამოავლინა.
ასევე აღსანიშნავია გიორგი გაგუას კარგი თამაში. მას ამჯერად გოლი არ გაუტანია, თუმცა ორთაბრძოლები მოიგო, მის წინააღმდეგ თამაშის წესი არაერთხელ დაირღვა, რაც საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლაში ეხმარებოდა. გაგუას როლმა საქართველოს ნაკრებს დიდი დახმარება გაუწია.
გიორგი წიტაიშვილმა, რომელმსაც საწყის ორ ტურში 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი შეაგდო, დღეს ნაკლებად პროდუქტიული მატჩი ჩაატარა. 58-ე წუთზე რამაზ სვანაძემ საბა ხვადაგიანით შეცვალა.
პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ „ჩავარდა“, მექვაბიშვილმა ბურთი უმისამართოდ მოიგერია, რაც „აიაქსის“ ნახევარმცველის, კენეტ ტეილორის გოლით დასრულდა.
მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ სტადიაზე ყველაზე მეტი მაყურებელი იტალია-ესპანეთის მატჩს დაესწრო, 1996 წლის 31 მაისს აღნიშნულ შეხვედრაზე 35 500 მაყურებელი დაფიქსირდა, თუმცა ეს რეკორდი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ბელგიის შეხვედრაში მოიხსნა (41 887), დღევანდელ შეხვედრაში კი ეს რეკორდი კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 43 004.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (ლუკა გაგნიძე 46), აზაროვი, წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), დავითაშვილი (ოთარ მამაგეიშვილი 90+2), მექვაბიშვილი (კ), გაგუა (გულიაშვილი 79)
ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრები: ვერბრიუგენი, ვან ევეიკი (მანჰოეფი 83), ვან ჰეკე, ვან დე ვენი (კ), ჰარტმანი (მატსენი 83), ბიურგერი (დალინგა 74), ტეილორი, გრავენბერხი, ეკელენკამპი (ტავსანი 74), ბრობბი, სამერვილი
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს