Marca: ინტერ მაიამიმ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა
35 წლის ლეო მესიმ, შაბათს 3 ივნისს პსჟ-ს მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა და კლუბს ოფიციალურად დაემშვიდობა.
ამიერიდან ლეო თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია.
დღეს ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ ამერიკული MLS-ის ბინადარმა „ინტერ მაიამიმ“ არგენტინელს ოფიციალური წინადადებით მიმართა.
დევიდ ბექჰემის კლუბმა ლეოს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მისი ზუსტი ანაზღაურების შესახებ ციფრები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ „ინტერ მაიამი“ მესის MLS-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
როგორც ცნობილია, მესის შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც აქვს, თან რეკორდული ანაზღაურებით (400 მილიონი), თუმცა ლეოს ევროპაში დარჩენა და 2024 წლის კოპა ამერიკისთვის კარგ კონდიციებში ყოფნა სურს და ჯერჯერობით ბებერი კონტინენტის დატოვებას არ გეგმავს.
ორშაბათს, ლა ლიგამ „ბარსელონას“ ეკონომიკური გეგმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც მესის ლოდინი დასრულდება და მისი მშობლიური კლუბი „ლა პულგას“ ოფიციალური წინადადებით მიმართავს. ამ დრომდე ლეოს ნომერ პირველი არჩევანი „ბლაუგრანაში“ დაბრუნებაა.