2 რამ სურს - რა შემთხვევაში დარჩება ოსიმენი ნეაპოლში?
ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს და ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ ნეაპოლელებს ნიგერიელის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა იტალიური პრესა სხვა აზრზეა.
Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ოსიმენმა შესაძლოა ნეაპოლში დარჩენა თავად მოისურვოს. საამისოდ კი მას 2 რამ სჭირდება - გუნდში სპალეტის დარჩენა და ამბიციები. მას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა სურს.
სპალეტის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება. რაც შეეხება ამბიციებს, პირველ რიგში „ნაპოლის“ ლიდერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს, ამის შემდეგ კი ახალ ტრანსფერებზე უნდა იმუშაონ. როგორც პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, მას ვალები არ აქვს და ლიდერების გასხვისების აუცილებლობას ვერ ხედავს.
რაც შეეხება ოსიმენის მსურველ კლუბებს, ამ ეტაპზე 2 ფავორიტი და რეალური კანდიდატი ჩანს - „ბაიერნი“ და პსჟ. ორივე მათგანი ნიგერიელს ხელსაყრელ პირობებს და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას სთავაზობს, თუმცა ვიქტორი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და მხოლოდ სკუდეტოს მოგებასა და ზეიმზეა კონცენტრირებული.
წყაროს ცნობით, ოსიმენი და მისი აგენტი რობერტო კალენდა კლუბის წარმომამდგენლებს ივნისში შეხვდებიან და ახალ ხელშეკრულებაზე, ზოგადად ნიგერიელის მომავალზე ისაუბრებენ.