საქართველოს ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

გამარჯვება ისრაელთან - ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგეს

საქართველოს ყინულით ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ტურნირის მეორე ტურში ქართველი ჰოკეისტები ისრაელის ნაკრებს შეხვდნენ და სანახაობრივ ბრძოლაში, 3:7 დაამარცხეს.

შეხვედრის დასაწყისში ისრაელის ნაკრები 2:0 დაწინაურდა, თუმცა პერიოდის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა სხვაობის შემცირება შეძლო, მეტოქის კარში შაიბა ოლივერ ობოლგოგიანმა გაიტანა.

მეორე პერიოდი ქართველი ჰოკეისტების გამარჯვებით, 1:3 დასრულდა, გოლების ავტორები კი ბორის კოჩკინი, არტიომ კურბატოვი და ივან კარელინი გახდნენ.

მესამე პერიოდმა თავიდან-ბოლომდე საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა და მეტოქის კარში სამი უპასუხო შაიბა გავიდა. ორ შემთხვევაში თავი ივან კარელინმა გამოიჩინა, ერთი გოლი კი ნიკიტა ბუკიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა გუშინ ისლანდია 4:1 დაამარცხა და ამ დროისთვის A ჯგუფში 2-დან 2 მოგება აქვს. ქართველი ჰოკეისტები მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს, თბილისის დროით 21:30 საათზე მასპინძელი ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები