მეორე გამარჯვება | საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა ახალ ზელანდიას მოუგო
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელს დაუპირისპირდა. ალექსანდრე ვედერნიკოვის გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 2:0 მოიგო და გოლები ტიმურ ბეშაროვმა და მაკარ ნიკაშანინმა გაიტანეს. მეორე პერიოდში იგივე ანგარიში დაფიქსირდა და გოლები ბეშაროვმა და დანიელ მეტლიუკმა მიითვალეს, ბოლო გოლი კი დანიელ დავიდოვმა მიითვალა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს 2-დან 2 მოგება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. ახალ ზელანდიასთან მატჩამდე, ჩვენმა გუნდმა ისლანდიას 4:0 მოიგო. აღნიშნული ორი ნაკრების გარდა, ჩვენი მეტოქეები ტაივანი, ტაილანდი და ბულგარეთი არიან. პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბეშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიუკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.