„ალისონი ძალიან მაღალ დონეზეა“ | ტაფარელმა ლივერპულსა და მამარდაშვილზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ, კლაუდიო ტაფარელმა თანამემამულე ალისონ ბეკერზე ისაუბრა. ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტაფარელი „ლივერპულის“ სამომავლო გეგმებს გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილისა და ალისონის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„კლუბმა მამარდაშვილის შეძენის გადაწყვეტილება მგონი, ერთი წლის წინ ან უფრო ადრე მიიღო. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა ალბათ, ცოტათი სამომავლო გათვლა იყო. ალისონი არის მეკარე, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. მისი ასაკის, გამოცდილებისა და გამარჯვების წურვილის გათვალისწინებით, ძალიან რთული იქნება, ვინმე აქ მოვიდეს და ალისონი ჩაანაცვლოს“.
ცნობისთვის, ტაფარელის პოზიციას BBC-ის იზიარებს. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა აცხადებს, რომ თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ალისონი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე იქნება, გიორგი მამარდაშვილი კი მას ძლიერ კონკურენციას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი ზაფხულში შეიძინა და იჯარის წესით, „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველ მეკარეს რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ნომერ პირველი მეკარის სტატუსი სურს.