ზედიზედ მეორედ | ფლორიდა პანტერსი სტენლის თასის მფლობელია
ნაციონალური ჰოკეის ლიგის, NHL-ის 2024/25 წლების სეზონი „ფლორიდა პანტერსის“ ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ სერიაში, „პანტერსის“ მეტოქე „ედმონტონ ოილერსი“ გახლდათ და ფლორიდელებმა 4:2 იმარჯვეს.
სერიის მეექვსე შეხვედრა ფლორიდაში გაიმართა და მასპინძლებმა კანადელებს შანსი არ დაუტოვეს. სემ რაინჰარტის პოკერისა და მეთიუ ტკაჩუკის გოლის წყალობით, „პანტერსებმა“ 5:1 იმარჯვეს და „სტენლის თასი“ ზედიზედ მეორედ მოიგეს.
MVP სემ ბენეტი გახდა. კანადელმა მოთამაშემ პლეიოფში 15 გოლი გაიტანა, გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი „ედმონტონის“ კარი 5-ჯერ აიღო და კონ სმაითის თასი დაისაკუთრა. ბენეტმა 15 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ის „ფლორიდას“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც კონ სმაითის თასი მოიგო. შარშან, „პანტერსი“ ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ეს თასი „ოილერსის“ მოთამაშეს, კონორ მაკდევიდს გადასცეს.
ცნობისთვის, „პანტერსს“ სტენლის თასი ისტორიაში სულ ორჯერ აქვს მოგებული. ფლორიდელები ფინალში 4-ჯერ არიან ნამყოფი და 1995/96 წლების სეზონში „კოლორადო ავალანშთან“, ხოლო 2022/23 წლების სეზონში „ვეგას გოლდენ ნაითსთან“ წააგეს.