„ეს ჩემი არჩევანია და მას არ შევცვლი“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარის თქმის გამო, „მანქანას“ პრობლემები შეექმნებოდა და მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. დვალიშვილმა ინტერვიუ InsideFighting-ს მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
„კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ სიამოვნებით ვიჩხუბებდი. გავიგე, რომ ტრავმირებულია, მაგრამ მზად ვარ, დაველოდო. საჩემპიონო ბრძოლის გამართვას არ ვაპირებ და სენდჰეგენი იდეალური ვარიანტია.
დენას კომენტარს რაც შეეხება, მესმის ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. ის ბიზნესმენია და ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრის ბრძოლა მის ბიზნესს ძალიან წაადგება, მაგრამ რანაირი მეგობარი ვიქნები, ალჯოს თუ ვეჩხუბე?! შექმნილ ვითარებას ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და ეს ჩემი არჩევანია. ასეთი ადამიანი ვარ და დენამ რაც არ უნდა თქვას, გადაწყვეტილებას არ შევცვლი.
სტერლინგი ჩემი საუკეთესო მეგობარი და მაგარი ბიჭია. ყველაფერი კარგადაა და დარწმუნებული ვარ, როცა წონით დივიზიონს გამოიცვლის, ჩემპიონი გავხდები. ღვთის წყალობით, ჭკვიანურად ვვარჯიშობ, ტრავმებს არ ვიღებ და უფრო და უფრო უკეთესი მებრძოლი ვხდები“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის საჩემპიონო სტატუსი სტერლინგზეა დამოკიდებული. „მანქანას“ უახლოესი მეგობარი რამდენიმე კვირაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ წონას შეიცვლის და მერაბსაც საჩემპიონო ბრძოლისკენ გზა გაეხსნება.